მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ზოდი – სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში

ზოდი – სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში

ზოდი – სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: დარკვეთი, ზედუბანი, მოხოროთუბანი). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, ზღვის დონიდან 630 მეტრი, ჭიათურიდან 13 კილომეტრი, ქუთაისიდან – 80 კმ., თბილისიდან – 187 კმ. ზოდი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XV საუკუნეში. სოფელში არის მინერალური წყლები.

ზოდი პირველად დამოწმებულია ქუცნა ამირეჯიბის ულუმბის მონასტრისადმი შეწირულობის სიგელში, რომელიც საუკუნის დასაწყისით თარიღდება. გვხვდება აგრეთვე XVII-XVIII საუკუნეების რამდენიმე დოკუმენტში. 1639 წელს იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ს ზოდში მცხოვრები ორი კომლი ყმა-გლეხი წინამძღვარ ფილიპე წერეთლისადმი უბოძებია, ხოლო 1771 წელს დავით ბატონიშვილს ერთი კომლი ყმა-გლეხი ამ სოფლიდან ჯრუჭის მონასტრისადმი შეუწირავს. ზოდი და იქ მდებარე აზნაურის ციხე-დარბაზი ასევე დატანილია ვახუშტი ბატონიშვილის რუკებზე. სოფელი მოხსენიებული ჰყავს იოჰან გიულდენშტედტსაც. გვიანდელი შუა საუკუნეების დაყოფის მიხედვით ზოდი იმერეთის სამეფოს II ანუ “ზემო მხრის“ სადროშოში შედიოდა. XIX საუკუნის რუსული ადმინისტრაციული დაყოფით ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის წირქვალის სასოფლო საზოგადოებას ეკუთვნოდა. 1930 წელს, მაზრების გაუქმების შემდეგ ჭიათურის რაიონს გადაეცა.

სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს ყაველაშვილების ანუ ზედუბნის ციხის ნანგრევები, აქვე გვხვდება ძველი ეკლესიის ნანგრევები. სოფელში მდებარეობს ბრეგვაძეების კლდის, ხვედელიძეების კლდის, ჯრუჭულის, თაროკლდის (რაჭველების) კარსტული მღვიმეები, გოგირდოვანი წყლის აბანო. სოფელშია ასევე რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლი აღმოჩენილი, რომელთა შორის აღსანიშნავია: სამგლე კლდე, სამელე კლდე და სამერცხლე კლდე.

სამგლე კლდე, პალეოლითური ხანის კარსტული მღვიმე მდინარე ჯრუჭულის კანიონისებური ხეობის მარჯვენა ნაპირზე, სამერცხლე კლდისა და ჯრუჭულის მღვიმეებს შორის, აღმოაჩინეს 1962 წელს და გათხარეს 1963-67 წლებში. სამგლე კლდის ქვედა ფენა შუა პალეოლითის ხანისაა. აღმოჩენილია მღვიმის დათვის, ბიზონის, შვლის, კეთილშობილი ირმის, ჯიხვისა და გიგანტური ირმის ძვლები. მღვიმე ნეანდერტალური ადამიანის დროებით ნასახლარს წარმოადგენდა. მასალა შუა მუსტიეს ხანას განეკუთვნება.

სამელე კლდე მდებარეობს მდინარე ჯრუჭულის მარჯვენა ნაპირას. ის ნეოლითის და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ძეგლია. გათხრები მიმდინარეობს 1959 წლიდან. სამელე კლდე ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურული ძეგლია.

სამერცხლე კლდე ზოდსა და სოფელ დარკვეთს შორის, მდინარე ჯრუჭულის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 600 მ. მდებარეობს. მღვიმე კარსტული წარმოშობისაა. გათხარეს 1963-66 წლებში. ფიქსირებულია 3 კულტურული ფენა.

კომენტარები