განდეგილი (ნამდვილი სახელი და გვარი დომინიკა ზურაბის ასული ერისთავი, ქორწინებაში დომინიკა ერისთავი-მდივნისა) – ქართველი პოეტი და პროზაიკოსი.
დომინიკა ერისთავი დაიბადა 1864 წლის 28 ოქტომბერს (ახალი სტილით 9 ნოემბერს) ქუთაისის მაზრის სოფელ სალომინაოში, (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი) ზურაბ ერისთავისა და ანა მარჯანიშვილის შეძლებულ ოჯახში. წერა-კითხვა თავიდან ასწავლა დედამ, ხოლო შემდეგ მიაბარეს სოფელ როხის პანსიონში, სადაც მან ათი წლის ასაკში ლექსების წერა დაიწყო. ზამთრობით დომინიკას ოჯახი ქუთაისში გადადიოდა საცხოვრებლად, სადაც დომინიკამ გუბერნატორ რავეცკის ქალიშვილები გაიცნო. მათი წყალობით იგი დაეუფლა რუსულ ენასა და ლიტერატურას.
მამის გარდაცვალების შემდეგ დედამ და უფროსმა ძმამ ილიკომ, 17 წლის დომინიკა გაათხოვეს ქუთაისში მცხოვრებ ცნობილ ვაჭარსა და კომერსანტზე სოლომონ მდივანზე, რომელიც წლოვანებით გაცილებით უფროსი იყო. სოლომონ მდივანი ეჭვიანი, მძიმე ხასიათის ადამიანი იყო. მან დომინიკა სახლში ჩაკეტა და უკრძალავდა გარე სამყაროსთან ურთიერთობას. ამ პერიოდში დომინიკა კითხულობდა ჟორჟ სანდის ნაწარმოებებს, რამაც მისცა ბიძგი მას ებრძოლა თავისი უფლებებისთვის. იგი თავისი ბიძაშვილის ანდრია ღულაძის დახმარებით თბილისში წავიდა. ანდრია ღულაძემ დომინიკა მოაწყო ქართული ჟურნალის “ნობათის“ რედაქციაში, სადაც თვითონაც მუშაობდა რედაქტორად. მან დააახლოვა დომინიკა ქართველ მწერლებსაც.
1890-იანი წლების ჟურნალ-გაზეთებში იგი წარმოდგა როგორც ნიჭიერი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, ბელეტრისტი, მთარგმნელი და ჟურნალისტი; სტატიებით, საპოლემიკო წერილებით, ფელეტონებით ეხმაურებოდა იმ დროის მოწინავე ქართველ მოაზროვნეთა კონცეფციებს. პირველი ლექსი “ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენების გამო“ ილია ჭავჭავაძემ გაზეთ “ივერიაში“ დაუბეჭდა 1893 წელს და მაშინვე მიიწვია მუდმივ თანამშრომლად, როგორც ქართული ენის კარგი მცოდნე, იგი პირველი კორექტორი ქალი იყო. ამავე გაზეთში 1894 წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „მუნჯი“, რომელსაც მოჰყვა სხვა მოთხრობები: „გოგია“, „იის კონა“, „გვირგვინი“, „საშინელი ღიმილი“, “ურწმუნო ბოშა“ და სხვა. პატრიოტული მოთხრობის „მარინეს“ გამოქვეყნებისთანავე (1897) აღიარეს, რომ ქართულ მწერლობაში ნიჭიერი ბელეტრისტი ქალი მოვიდა. ამის შემდეგ განდეგილი თანამშრომლობს პერიოდულ გამოცემებში „ივერიაში“, „ცნობის ფურცელში“, „კვალში“, „თემში“, „ნობათში“, „ფასკუნჯში“, „სახალხო ფურცელში“, „ალმანახში“, „ჯეჯილში“, „ნაკადულში“ და სხვა.
დომინიკა განდეგილს უწოდებდნენ ქართველ ჟორჟ სანდს. განდეგილი იცნობდა და იზიარებდა ინდოელი მწერლის, რაბინდრანათ თაგორის შეხედულებებს. ჰქონდა მასთან მიმოწერა. აპირებდა ინდოეთში გამგზავრებას, მაგრამ ავადმყოფობამ ხელი შეუშალა. ახლო მეგობრობა აკავშირებდა ალექსანდრე ხახანაშვილთან, ვაჟა-ფშაველასთან, ილია ჭავჭავაძესთან და მის მეუღლესთან ოლღა გურამიშვილთან. ეხმარებოდა იაკობ გოგებაშვილს წიგნების კორექტურასა და რედაქტირებაში.
1904 წელს დომინიკა ერისთავი ჟურნალ „ნობათის“ რედაქტორად დაინიშნა.
განდეგილმა დიდი ამაგი დასდო ქართველი ქალის უფლებების დაცვის საქმეს, 1914 წელს მან დიდი წვლილი შეიტანა „ქართველ ქალთა საზოგადოების“ დაარსებაში, მასთან ერთად ორგანიზაციის წევრები იყვნენ ეფემია მესხი, ნინო ნაკაშიძე, ნინო მაჭავარიანი, ნეიმანი, ოლღა აღლაძე, ნინო დაფქვიაშვილი. დომენიკა ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს, მან შეიმუშავა სამუშაო პროგრამა, მაგრამ ერთ წელიწადში დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ამიტომ მან ორგანიზაციის ყურადღება ფრონტის ინტერესებს დაუკავშირა და დაიწყო ფრონტის დასახმარებლად სახსრების გამონახვა. რადგანაც მხოლოდ ლიტერატურული საღამოებით და კონცერტებით შემოსული ფული არ იყო საკმარისი, განდეგილის თაოსნობით გაიხსნა სალონი-საჩაიე „ძმური ნუგეში“. სალონში იკრიბებოდნენ იმ დროის გამოჩენილი მოღვაწეები, მწერლები და პოეტები: იოსებ გრიშაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, იოსებ მჭედლიშვილი, ნ. ნალაშიძე, პოეტი ქალი მარიჯანი, დარია ახვლედიანი და სხვები. აქ მიღებულ შემოსავალს გადასცემდნენ პირველ მსოფლიო ომში მონაწილეებს. შემოსული ფულით „ქართველ ქალთა საზოგადოება“ წმინდა ნინოს ლაზარეთში ათობით საწოლს ინახავდა დაჭრილი აჭარლებისთვის.
1929 წელს მისი წერილი „პატარა ერის დიდებულნი ასულნი“ გამოქვეყნდა გაზეთ „სახალხო ფურცელში“ (№ 478), ეს წერილი ითვლება საქართველოში ქალთა უფლებებისა და ზოგადად ქალის მნიშვნელობის გამოხატვის ერთ-ერთ სიმბოლოდ.
განდეგილის ლექსების კრებული 1898 წელს გამოქვეყნდა, ლექსებისა და მოთხრობების კრებული — 1910 წელს. ავტორი მათში უმთავრესად წარმოგვიდგება როგორც ლირიკოსი. მისი პოეზიის მთავარი მოტივია პატრიოტიზმი (პოემა „შეჩვენებული“). აგრეთვე სამოქალაქო ლირიკული შესანიშნავი ნიმუშებია მისი „ჩადრი“, „ევა“, „მოწოდება“, „პოეტი“, „დილა“, „არა, არ ვსტირი“, „მე მიყვარს ჩემი სამშობლო“, „საცოდავო დედაჩემო“, „ნ. ორბელიანს“ და სხვა. აღსანიშნავია განდეგილის მთარგმნელობითი მოღვაწეობაც, თარგმნა ჰაინრიხ ჰაინეს, კონდრატი რილეევის, მაქსიმ გორკის, ივან ტურგენევის, ალექსანდრ კუპრინის, ტარას შევჩენკოს, მარკიზ სონიესა და სხვების ნაწარმოებები. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია თარგმანი ალექსანდრე გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“, რომლის ნაწყვეტები იბეჭდებოდა 1898-1899 „კვალში“, ცალკე წიგნად გამოვიდა 1902 წელს, წიგნის რედაქტორი იყო ილია ჭავჭავაძე. განდეგილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბავშვო ლიტერატურაშიც, მან დაწერა და თარგმნა არაერთი უცხოური საყმაწვილო მოთხრობა.
დომინიკა გარდაიცვალა 64 წლის ასაკში, 1929 წლის 29 იანვარს, თბილისში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მისივე თხოვნის თანახმად იგი მეგობრების, ალექსანდრე ხახანაშვილის და იაკობ გოგებაშვილის საფლავებს შორის დაკრძალეს.
კომენტარები