მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“არ მივცემთ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას რუსული კანონის მიღების საშუალებას”

“არ მივცემთ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას რუსული კანონის მიღების საშუალებას”

ქართული დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას “რუსული კანონის” მიღების საშუალებას არ მისცემენ.

“რუსული კანონის დაბრუნებით საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ძალადობრივი ბუნება კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. “ქართული ოცნების“ მასწავლებელი რუსეთის ხელისუფლებაა, რომლის მსგავსადაც სურს, რომ ქვეყანა მართოს დამორჩილებით და გაკონტროლებით, ჩახშობით და განდევნით, სიცრუითა და დემაგოგიით.

ამ კანონს სწრაფი ტემპით გადავყავართ მმართველობის შერეული სისტემიდან მყარად ჩამოყალიბებულ ავტორიტარიზმში – რუსული ყაიდის ქვეყანაში, სადაც ადამიანის სიცოცხლეს და ღირსებას ჩალის ფასი აქვს, სადაც გამეფებულია კორუფცია და ნეპოტიზმი, ჩაგვრა და ძარცვა-გლეჯა, სადაც აღარ დარჩა თავისუფალი მედია და სადაც მოძალადე სახელმწიფო მანქანისგან ადამიანებს ვერავინ იცავს, სადაც ადამიანებს არ აქვთ განვითარების საშუალება და ყველაზე დაფასებული თვისება მორჩილებაა.

ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ გვინდა და არც ვაპირებთ! “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საშუალებას არ მივცემთ, საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების რეალური შანსი დაგვაკარგვინოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მედიასაშუალებები ხაზს უსვამენ, რომ წლებია, „ქართული ოცნება“ არ წყვეტს ბრძოლას განსხვავებული და კრიტიკული აზრის წინააღმდეგ, რომელიც ხშირად სწორედ დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ვებგვერდებიდან და ეთერიდან ისმის. ამის გამო, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, ხელისუფლების უპირველეს სამიზნედ იქცნენ.

“წლებია, ჟურნალისტების მიმართ სიძულვილი იღვრება ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან. ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები ეწევიან ჟურნალისტების დემონიზებას, შეთქმულების თეორიებით, დეზინფორმაციით და შეთხზული ისტორიებით. საქართველოს ხელისუფლება, სისტემურად და კამპანიურად ავიწროებს და დევნის ჟურნალისტებს, არ აძლევს მათ მუშაობის საშუალებას, ძალადობს მათზე სიტყვიერად და ფიზიკურად. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ ვწყვეტთ ბრძოლას ჩვენი იდეალებისთვის, ჩვენი საყვარელი პროფესიისთვის, ჩვენი ძვირფასი მკითხველის, მსმენელისა და მაყურებლისთვის, ჩვენი საყვარელი და ერთადერთი სამშობლოსთვის. ამ ბრძოლაში ჩვენს გვერდით არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები, რომელთაც ჩვენზე არანაკლებ ახარებთ ჩვენი ყოველი მიღწევა, ყოველი გამარჯვება, ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი.

არ მივცემთ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რუსული კანონის მიღების საშუალებას, რომ საქართველოსა და მის ნამდვილ მეგობრებს შორის ყრუ კედელი აღმართოს. გავაძლიერებთ წინააღმდეგობას, დავიცავთ ჩვენს უფლებებს, ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და ჩვენი ქვეყნის უფლებას, თავისი ცივილიზაციური არჩევანის თანახმად იმოქმედოს. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, გადავაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ დემოკრატიად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები