მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

დერჩი – სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში

დერჩი – სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში

დერჩი – სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მექვენის ადმინისტრაციულ ერთეულში.

მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის მთისწინეთში, მდინარე რიონის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 600 მეტრის სიმაღლეზე. წყალტუბოდან დაშორებულია 55 კილომეტრით. სოფელში არის ბარიტის საბადო და განვითარებული შუა საუკუნეების ნათლისმცემლის ეკლესია.

დერჩი პირველად იხსენიება XII საუკუნის საბუთში, საიდანაც ჩანს, რომ იგი საქართველოს მეფე გიორგი III-ს გელათის სამეფო სამწირველოსთვის შეუწირავს. სოფელი გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ლეჩხუმის შემადგენლობაში იყო.

სოფლის შუაგულში, შემაღლებულ ადგილზე, დგას იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომელიც სავარაუდოდ, XIV საუკუნეშია აგებული და ამჟამადაც მოქმედია. მისი საბოლოო სახე რამდენიმე ეტაპად მიმდინარე მშენებლობის შედეგადაა ჩამოყალიბებული. ეკლესიის ცენტრალური სივრცე აღმოსავლეთით ღრმა, ნალისებრი აფსიდითაა დასრულებული (იგი გარედან შვერილია). გვერდის მინაშენებთან დაკავშირებულია კედლებში გახსნილი თითო ფართო თაღით. ჩრდილოეთის და სამხრეთის ნავები ასევე აფსიდითაა დასრულებული. ეკლესიის ძირითადი სივრცე, ისე როგორც მინაშენებისა, გადახურულია კამარით. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. დასავლეთ მხარეს ნართექსია, რომელიც სამივე ნავთან არის დაკავშირებული. ეკლესია ორსაფეხურიან ბაქანზე დგას. ნაგებია მოყვითალო-მომწვანო ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის თლილი კვადრებით. დაგვირგვინებულია კარნიზით. ფასადები სადაა, მხოლოდ დასავლეთ სარკმლის თავზეა ცხოველთა რელიეფური გამოსახულება. შიგნით კედლები მთლიანად მოხატული იყო (ნაწილობრივ ჩამონგრეულია). საკურთხევლის წინ XVII საუკუნის კანკელი დგას, ამავე დროისაა საკურთხევლის ზედა ნაწილში მოთავსებული ვრცელი ორსტრიქონიანი წარწერაც (დაზიანებულია).

ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია

სოფელში არის გვიანდელი შუა საუკუნეების რამდენიმე კოშკის ნანგრევი.

ფოტო: თამარ ლეთოდიანი

კომენტარები