ქვეყანაში განვითარებული მოვლენები გრძელვადიან პერიოდში დამაზიანებელია არამხოლოდ ტურიზმის სექტორისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ტურისტული კომპანია “ნოვა ტურის” დამფუძნებელმა მამუკა ჯიქიამ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, თუ მოგზაურობაზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა დღეს ქვეყანაში არსებული ტურისტული სააგენტოების რაოდენობა ზედმეტი იქნება და ამის გამო ბევრ კომპანიას საქმიანობის შეწყვეტა მოუწევს.
“ზოგადად მიმდინარე სეზონი არ არის ხოლმე აქტიური, რადგან ახალ წელს მოგზაურობის მსურველები მიმართულებებს ოქტომბერ-ნოემბერში გეგმავენ. ეს პროცესები თუ საბოლოო ჯამში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებამდე მივიდა ეს რა თქმა უნდა, გამოიწვევს იმას, რომ ქართველი მომხმარებელი ევროპაში მოგზაურობას ვეღარ მოახერხებს, ევროპული ავიაკომპანიების დატვირთვა შემცირდება და მათი ქართულ ბაზარზე ყოფნა იქნება არარენტაბელური. გარდა ამისა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემდეგ ცხადია, რომ ავიაკომპანია wizz air-ისთვის არანაირი ინტერესი არ იქნება ბაზირება ჰქონდეს იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროპაში სავიზო პროცედურების გავლა სჭირდება.
ქვეყანაში ყოველთვიურად 10-მდე ახალი ტურისტული სააგენტო რეგისტრირდება. ეს ხალხი ხედავს პერსპექტივას ტურიზმის სექტორში. თუმცა თუ პროცესები ისე განვითარდა, რომ ამან გარკვეული რისკები გამოიწვია, ბუნებრივია, მოგზაურობაზე მოთხოვნა შემცირდება და ტურისტული სააგენტოების ის რაოდენობა, რომელიც დღეს გვაქვს აშკარად ზედმეტი იქნება”, – განაცხადა ჯიქიამ.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.
კომენტარები