დიმი – სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: დიმი, საიმედო).
მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ხანისწყლის მარჯვენა მხარეს, ბაღდათი–ქუთაისისა და ბაღდათი–ზესტაფონის საავტომობილო გზებზე, ზღვის დონიდან 180 მ-ზე, ბაღდათიდან 4 კმ-ის დაშორებით.
დიმში და ზედა დიმში აღმოჩენილია ძველ ნასახლართა ნაშთები, სადაც ადამიანს ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია. წინარეანტიკურ და ადრინდელი ანტიკური ხანის დ-ის დასახლება კოლხური კულტურის გავრცელების არეალში ექცევა. შემთხვევით ნაპოვნი ელინისტური ხანის თიხის ჭურჭელზე უკვე ქართლის კულტურის გავლენა იგრძნობა.
სოფლის სახელი უნდა მომდინარეობდეს ლეონტი მროველთან (XI ს.) დამოწმებული ციხე “დიმნიდან”, რომელიც მეფე ფარნავაზს აუგია.
“ხანის წყლის აღმოსავლით და ყვირილის მდინარის სამხრით, ფერსათის კლთას, არს დიმი, სადაცა ჰყო პირველმან მეფემ ან ფარნაოზ ციხე მტკიცე, და აწ არს დაბა“ (ვახუშტი ბატონიშვილი).
დიმი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება 1583 წელს. სოფელი ეკუთვნოდათ თავად ჩხეიძეებს. 1820-იან წლებში სოფელში იყო 200 მოსახლე.
1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ, 1906 წლის 10 იანვარს დიმი გადაწვა რუსეთის იმპერიის სადამსჯელო რაზმმა.
სოფელში დგას XVII-XVIII საუკუნეების კოშკი და XIX საუკუნის II ნახევრის მთავარანგელოზის ეკლესია (რესტავრირებულია 2009 წელს).
კომენტარები