ქუთაისის საკრებულოს სხდომას, სადაც დღეს ქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, ოპოზიცია არ დაესწრო.
ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის ბოიკოტი გამოაცხადა “გახარია საქართველოსთვის” ქუთაისის საკრებულოს წევრმა ელეონორა არჩაიამ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქალაქის ბიუჯეტი სათანადოდ ვერ პასუხობს ქუთაისის სოციალურ, ინფრასტრუქტურულ თუ ეკონომიკურ გამოწვევებს.
“პარტია “გახარია საქართველოსთვის” მხარს არ დაუჭერს მერიის მიერ წარმოდგენილ 2025 წლის ქუთაისის ბიუჯეტს და არ დაესწრება დღეს ჩანიშნულ საბოლოო სხდომას!
როგორც უკვე განვმარტე, ქალაქის ბიუჯეტი სათანადოდ ვერ პასუხობს ქუთაისის სოციალურ, ინფრასტრუქტურულ თუ ეკონომიკურ გამოწვევებს. პრიორიტეტი ენიჭება ისევ ადმინისტრაციულ ხარჯებს მაშინ, როდესაც სოციალური პროგრამები და ინფრასტრუქტურული ხარჯები საგრძნობლად არის შემცირებული. ამასთან, არ ვაპირებ დავესწრო სხდომას, სადაც ბიუჯეტის განხილვა ერთპარტიულად და არადემოკრატიულად ხდება. არა ერთი მცდელობის მიუხედავად, წელსაც არ მოხდა ჩემ მიერ წარდგენილი არც ერთი ინიციატივის გათვალისწინება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არც საკრებულოს თავმჯდომარეს და არც ერთ ჩემს კოლეგას, მმართველი პარტიიდან, არ დაუგმია ქვეყნის კონსტიტუციის ღალატი და ჩვენი ევროპული მომავლის განადგურება, რომ არაფერი ვთქვათ სასტიკად ნაცემ ახალგაზრდებზე. ასეთ ვითარებაში აზრს მოკლებულია, თუნდაც განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღება და ჩემი სხდომაზე დასწრება”,- წერს ელეონორა არჩაია.
ქუთაისის საკრებულომ დღეს ბიუჯეტი დაამტკიცა. მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი 117 097 80 ლარი. ასევე 2025 წლის დასაწყისში, ქალაქმა ტრანშის სახით 40 მილიონი ლარი უნდა მიიღოს, რეგიონული განვითარების ფონდიდან კი 14 მილიონი ლარი.
კომენტარები