ეს სტატია ეძღვნება იმ ადამიანებს, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) მიმართ, აქვთ კითხვები მათ მნიშვნელობაზე, როლზე დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა და საზოგადოების გაძლიერების საქმეში.
აქ ვცდილობ ავხსნა, როგორ მუშაობენ ორგანიზაციები და როგორ შეიძლება მოქალაქეებმა თავად გადაამოწმონ მათი საქმიანობის გამჭვირვალობა. ყველა დაინტერესებული ადამიანი გაიგებს, რატომ არის ასეთი ორგანიზაციების დამოუკიდებლობა და ფუნქციონირება მნიშვნელოვანი, რა გამოწვევების წინაშე დგანან და როგორ უნდა დაიცვას საზოგადოებამ ისინი მმართველობის ზედმეტი ჩარევისგან.
აბსოლუტური ჭეშმარიტება
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი ინსტიტუტებია, რომლებიც ხელს უწყობენ თანასწორობას, სამართლიანობასა და თავისუფლებას.
ჩემი მაგალითი
მე, პირადად, ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ვმონაწილეობდი მოხალისეობრივ საქმიანობებში და მოგვიანებით არასამთავრობო ორგანიზაციების ტრენინგებით განვავითარე ისეთი უნარები, როგორიცაა კომუნიკაცია, შრომითი ეთიკა და სხვა. ეს გამოცდილება გამოდგა სასარგებლო, როდესაც მეგობრებთან ერთად დავაარსეთ სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი,” რომლის მიზანიც თაობებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.
ორგანიზაციის ჩამოყალიბების პროცესში მრავალი გამოწვევა გადავლახეთ, მათ შორის დონორებთან მუშაობა, საზოგადოების ნდობის მოპოვება და პროექტების მართვა. განსაკუთრებით რთული იყო საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება, რაც ყოველდღიურ საქმეში გამჭვირვალობასა და შედეგების წარმოდგენას მოითხოვდა. ნდობა – ყველაზე დიდი კაპიტალია.
რა მოიტანა “რუსული კანონის” შემოღებამ?
თუმცა, ბოლო პერიოდში, “რუსული კანონის” მსგავსი ინიციატივები და ხელისუფლების მიერ გავრცელებული ნეგატიური პროპაგანდამ სერიოზული საფრთხე შეუქმნა სსო-ების საქმიანობას. მსგავსი კანონები ხშირად მიზნად ისახავს სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციას, მათ ფინანსურ და სამართლებრივ პარალიზებას. ასეთი მიდგომები ართულებს სსო-ების ფუნქციონირებას, ხელს უშლის საერთაშორისო დახმარების მიღებას და საზოგადოებაში მათ მიმართ უნდობლობას აღვივებს. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციები აგრძელებენ საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაძლიერებას, პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას და დემოკრატიული ღირებულებების დაცვას.
რატომ? პრობლემები არსად გამქრალა, პირიქით ისინი უფრო გაღრმავდა და გაიზარდა. სსო-ები სწორედ იქმნება პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ქალაქებს, სოფლებს ან თემებს აწუხებთ. მათ ქმნიან აქტიური ადამიანები, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას, ფლობენ ცოდნას და უნარებს, და მზად არიან ეს ცოდნა სხვებს გაუზიარონ. ფინანსები საჭიროა მეტი ადამიანის ჩართულობისთვის, რესურსების მოსაძიებლად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად.
ვის მიერ იქმნება ორგანიზაცია?
განსაკუთრებულად აქტიური ადამიანების მიერ, რომლებმაც მეტი პასუხისმგებლობა აიღეს თავის თავზე.
რატომ აკეთებენ ამას ადამიანები?
იმიტომ რომ მხოლოდ ასე ესახებათ რაიმე ქმედითი წვლილის შეტანა საერთო პრობლემის მოგვარებაში. მაშინ როცა ცალკე აღებული ერთი ადამიანი ვერ ახდენს გავლენას ხელისუფლების გაყრუებაზე პრობლემის მიმართ. ამ მხრივ მეტი ცოდნა, შესაძლებლობები და უნარები გააჩნიათ. თავისთავად, მზად არიან გაუზიარონ ისინი სხვებს.
როგორ ფინანსდებიან სსო-ები და ვინ დგას მათ უკან?
სსო-ების მიმართ ხშირად ჩნდება კითხვები ფინანსების წყაროსა და დამოუკიდებლობის შესახებ. მათი დაფინანსება ხშირად საერთაშორისო დონორებისგან მოდის, რაც დემოკრატიის მხარდაჭერას ემსახურება. ხშირად ღია და გამჭვირვალე ანგარიშგება უზრუნველყოფს მათ მიმართ ნდობას.
და მაინც ფინანსები რაში სჭირდებათ?
სჭირდებათ, რომ მეტ ადამიანს მიაწოდონ ხმა, რომ ჰქონდეთ რესურსები ან პირდაპირ განახორციელონ ამ რესურსებით დახმარება (მაგალითად, პროფესიონალთა კონსულტაცია, პროგრამაში მონაწილეობა, კონკრეტული პრობლემის მოგვარება), რასაც უფასოდ ვერ შეძლებენ.
საერთაშორისო დონორების გარდა სხვა რა დაფინანსების რესურსი არსებობს?
სამი ძირითადი საშუალებაა აქტიურმა ადამიანებმა, რომლებმაც ორგანიზაცია შექმნეს მოიძიო ფინანსები: სახელმწიფო ბიუჯეტი (ჩვენს შემთხვევაში ძალიან მცირეა ამის შესაძლებლობა და გესმით ალბათ რომ ხშირ შემთხვევაში სრულიად ვიწრო პარტიული ინტერესებით განსაზღვრული), მოსახლეობა (ძირითადად მოსახლეობა ქველმოქმედებას უფრო აფინანსებს ვიდრე სამოქალაქო გამოწვევებს. მისთვის ეს უფრო მარტივად გასაგებია და შედეგს მყისიერად ხედავს. მაშინ როცა საზოგადოებრივი გამოწვევები კომპლექსურია, გრძელვადიანია და შედეგები წლების შემდეგ ხდება ხილული) და კერძო სექტორი (ბიზნესიც ძირითადად სოციალური ტიპის პროგრამებს, მაგრამ პრაქტიკულად სამოქალაქო სახის პროექტებს არ აფინანსებს).
დასავლეთის დონორები (ევროკავშირის ქვეყნები და აშშ) აფინანსებენ როგორც მთავრობას, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორს. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ყველა ერთი და იგივე წყაროდან, საზღვარგარეთიდან ფინანსდება.
იმისათვის, რომ გაქრეს კითხვები, არის თუ არა აქ ვინმეს გარე აქტორის ინტერესები ჩადებული, საჭიროა ქვეყანა ისე განვითარდეს, რომ მისმა მოსახლეობამ, მთავრობამ და კერძო სექტორმა შეძლოს სამოქალაქო საჭიროებების მოგვარებაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსებაც.
სხვაგვარად, ვერავის დააჯერებ, რომ არ ხარ აგენტი, თუ მას ძალიან აწუხებს ის ფაქტი, რომ ეს უცხოეთი აფინანსებს. ე.ი. რაღაც უნდა შენგან. არადა, თუ ასეთი ეჭვები არსებობს ორგანიზაციების მიმართ, რატომ არ უნდა არსებობდეს იგივე ეჭვები მთავრობაზე, რომელიც ყველაზე დიდი ფინანსების მიმღებია, ან კერძო სექტორზე, რომლის დიდი ნაწილიც სწორედ უცხოური დაფინანსებებით იქცა ბიზნესად?
ვერანაირი რეესტრი და უამრავი ფინანსური დოკუმენტის ატვირთვა ვერ გასცემს პასუხს რაიმე უცხო გავლენაზე, რადგან არსად ხილული არ იქნება, თუ ასეთი გავლენა შეიძლება არსებობდეს. ერთადერთი შესაძლებლობაა, თავად მოქალაქეები გახდნენ მთავარი შემომწირველები საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, თავად აქტიურად ჩაერთონ მათ მუშაობაში და ეს კონტროლი მმართველობის დონეზეც განახორციელონ.
დაფინანსების მიღების გამარტივებული ახსნის სქემა
ადამიანთა ჯგუფმა შექმნეს ორგანიზაცია რაიმე კონკრეტული პრობლემის ირგვლივ. ისინი ეძებენ ვის შეუძლია ამ პრობლემის მოგვარებაში ფინანსური მხარდაჭერა გაიღოს. წერენ პროექტს და იღებენ კონკურსში მონაწილეობას (რომელშიც მათ გარდა უამრავი სხვა ორგანიზაციაც მონაწილეობს), ელოდებიან 3, 6, 12 თვე პასუხს და თუ გაუმართლათ, იყენებენ ამ ფინანსურ რესურსს თუ არადა თავისი სახსრებით აგრძელებენ. და ასე ხდება მუდმივად. წარმოიდგინეთ, რამდენი დრო უნდა დაახარჯო რომ გარკვეული ფინანსები მიიღო შენი პრობლემის მოსაგვარებლად.
ეს არასამთავრობოები რა…
ხშირად ორგანიზაციებზე, როგორც ერთიან ჯგუფზე საუბრობენ და ვერ წარმოიდგენენ, რომ ისინი აბსოლუტურად განსხვავებულები არიან როგორც საქმიანობით, ისე ფუნქციებით. ასევე, ყველა მათგანის არსებობა გამომდინარეობს ქვეყანაში არსებული გამოწვევებით და ისინი ვერ შეიქმნება ხელოვნურად, თუ საკითხი ვინმეს – თუნდაც ერთ ადამიანს – არ აწუხებს.
ორგანიზაციების ტიპები:
1. ადვოკატირების ორგანიზაციები – სამართლებრივი და პოლიტიკის ცვლილებების გასატარებლად.
2. სოციალური მომსახურების ორგანიზაციები – ჰუმანიტარული დახმარებისა და სოციალური დაცვის სერვისების უზრუნველსაყოფად.
3. კვლევითი და ანალიტიკური ცენტრები (Think Tanks) – პოლიტიკურ და ეკონომიკურ ანალიზზე ორიენტირებული.
4. სათემო და სამეზობლო ორგანიზაციები – ადგილობრივი თემების გაძლიერებაზე.
5. გარემოსდაცვითი ორგანიზაციები – ეკოლოგიისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე.
6. საკულტო და რელიგიური ორგანიზაციები – რელიგიური და ეთიკური განათლების ხელშეწყობისთვის.
7. გენდერული და უფლებადამცველი ორგანიზაციები – გენდერული თანასწორობისა და უმცირესობათა უფლებების დასაცავად.
8. ახალგაზრდული და საგანმანათლებლო ორგანიზაციები – ახალგაზრდების განვითარებისა და განათლებისთვის.
9. კულტურული და ხელოვნების ორგანიზაციები – კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის.
10. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები (INGOs) – გლობალური მასშტაბით სოციალური და ჰუმანიტარული პროექტების გასატარებლად.
როგორ გადაამოწმონ მოქალაქეებმა სსო-ების გამჭვირვალობა?
მოქალაქეებმა თავად შეუძლიათ გადაამოწმონ სსო-ების საქმიანობა:
ფინანსური ანგარიშების გადამოწმება: მოითხოვეთ ან მათ საიტებზე მოძებნეთ ფინანსური მონაცემები.
პროექტების შეფასება: დააკვირდით, რა გავლენა მოახდინა კონკრეტულმა მათ მიერ განხორციელებულმა პროექტმა.
საზოგადოებრივი უკუკავშირი: გაიკითხეთ რას საუბრობენ მათზე მათი პროექტების ბენეფიციარები.
პირდაპირი ჩართულობა: ჩაერთეთ სსო-ების შეხვედრებსა და ღონისძიებებში.
დაბოლოს და ძალიან მნიშვნელოვანი
სსო-ები საზოგადოების ხელში ბერკეტია, რომ აკონტროლოს ხელისუფლება, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და ხელი შეუწყოს სამართლიანობისა და თანასწორობის განმტკიცებას. ისინი დამატებითი შესაძლებლობებია, რომელიც ხალხს სთავაზობს სერვისებს, იცავს უფლებებს, იძლევა პასუხებს და ახორციელებს ზეწოლას ხელისუფლებაზე. მათი დამოუკიდებლობის დაცვა საზოგადოების ვალდებულებაა, რადგან ეს ორგანიზაციები სწორედ მოქალაქეთა ინტერესებზე არიან ორიენტირებულნი.
ამიტომ, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს სსო-ების როლი, მხარი დაუჭიროს მათ გამჭვირვალობას და აქტიურად ჩაერთოს პროცესებში. ეს არის გზა, რომლითაც დემოკრატიული და სამართლიანი საზოგადოება აშენდება. თუ არსებული ორგანიზაციები ვერ ასახავენ კონკრეტულ პრობლემებს, თავად გახდით ინიციატორი და შექმენით თქვენი ახალი ორგანიზაცია!
კომენტარები