მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“თქვენი დუმილი ყურისმომჭრელია, თქვენი დუმილი საზარელია”, – აქტივისტები ქუთაისელ მსახიობებს მიმართავენ

“თქვენი დუმილი ყურისმომჭრელია, თქვენი დუმილი საზარელია”, – აქტივისტები ქუთაისელ მსახიობებს მიმართავენ

“თქვენი დუმილი ყურისმომჭრელია, თქვენი დუმილი თეატრის არსს ეწინააღმდეგება, თქვენი დუმილი საზარელია”, – ამ სიტყვებით მიმართავენ სამოქალაქო აქტივისტები ღია გზავნილით მესხიშვილის თეატრის დასს.

ევროპული მომავლის მცველები ქუთაისელ მსახიობებს კოლეგების მხარდაჭერას სთხოვენ.

“მიმართვა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს,  ყველაზე არტისტული ქალაქის დიდ თეატრს გილოცავთ თეატრის დღეს!

ერთი თვის წინ თქვენ ერთჯერადად აღშფოთებული იყავით ქვეყანაში არსებული დაპირისპირებით. თქვენს ორაზროვან ტექსტებში აღნიშნეთ, რომ ემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და სიძულვილს. დღეს, როდესაც ძალადობაც და სიძულვილიც გაზრდილი და გაბევრებულია რეჟიმის მიერ, რას გრძნობთ?

არ გაკადრებთ არც თავისუფლების, არც ხელოვნების არსსა ან/და როლზე გრძელ-გრძელ აბზაცებს. სინამდვილეში, პირიქით, სწორედ თქვენგან ველით მგზნებარე გამოსვლებს თავისუფლებისა და ხელოვნების შესახებ, უფრო კი მათ დასაცავად. განა, ხელოვნება რაა – თქვენ არ ხართ? თუ მხოლოდ ტექსტებია? ან მხოლოდ პლასტიკა? ან მხოლოდ შენობა?

განა, დღეს, გიორგი ჩაჩანიძე და ანდრო ჭიჭინაძე არ არიან თავისუფალი ხელოვნების გამოხატულება?

თუ ახლა გიორგის და ანდროს ვერ დავიცავთ, სხვებს როგორ დავიცავთ?

არც ისე შორეულ მომავალში, სანდრო ახმეტელის, საბჭოთა ტერორს შეწირული გამორჩეული თეატრალის ხვედრის გაზიარებისგან თქვენ როგორღა დაგიცავთ?

თქვენი განცხადება ბერტოლტ ბრეხტის სიტყვებით დაიწყეთ: „სადაც ძალადობა სუფევს, ხელოვნება და სიმართლე ვერ არსებობენ“. ჩვენი ქვეყნის ქუჩებში გამოსული, თქვენი თანამოქალაქეებიც ამასვე ვამბობთ.

ქვეყანას შემორჩენილი თქვენი, ჩვენი ერთი მუჭა ხალხი კი ბოლო ათწლეულებია რეჟიმებად ქცეულ ხელისუფლებებს ადგილზევე, ძალადობის პირობებში და ძალადობის მიუხედავად ებრძვის. ამიტომ, შემდეგი განცხადების გასამძაფრებლად შეგიძლიათ უწყვეტი პროტესტის ქრონიკებიდან მარგალიტებად ქცეული ციტატები მოიშველიოთ.

ახალი სეზონი საპრემიერო სპექტაკლით გახსენით, მაგრამ თქვენი დაკავებული კოლეგის მხარდაჭერა დაგავიწყდათ.

თქვენი ძარღვიანი სათქმელის მთავარი პრემიერა წინაა. თქვენი მთავარი სცენა დღეს ის ადგილია, სადაც ტირანიის დამყარებას ეწინააღმდეგება თქვენი, ჩვენი ხალხი. მაყურებელი კი ჯერაც გელით.

გვჯერა, რომ თქვენი გული დიდი ხანია თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ ქცეულ “რუსთაველზეა” იქნება ეს თბილისში, ქუთაისში თუ სხვაგან. მაგრამ, ხალხს თვალხილული მაგალითები სჭირდება.

თქვენი დუმილი ყურისმომჭრელია.

თქვენი დუმილი თეატრის არსს ეწინააღმდეგება.

თქვენი დუმილი საზარელია.

ამიტომ, გელით!

გელით, გამოხატული, დაფიქსირებული, არაორაზროვანი პოზიციით.

მაგალითად, დღეს – ქართული თეატრის დღეს.

მაგალითად, ხვალ, საყოველთაო ეროვნულ გაფიცვაში მონაწილეობის მისაღებად.

გელოდებოდით და გელით ყოველდღე”,- აცხადებენ აქტივისტები.

კომენტარები