19 წლის ბაღდათელმა ახალგაზრდამ ვაჟა მაშანეიშვილმა ვეფხისტყაოსანი ზეპირად ისწავლა, ამისთვის სტუდენტს 6 წელი დასჭირდა.
პოემის ზეპირად სწავლის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც წიგნი სკოლის დირექტორმა აჩუქა.
პოემის ზეპირადმცოდნის თქმით, მისი საყვარელი გმირი ტარიელია და ცდილობს ისე იცხოვროს, როგორც ვეფხისტყაოსნის გმირი ცხოვრობდა.
"ჩემი სკოლის დირექტორმა მაჩუქა ვეფხისტყაოსნის წიგნი. მაშინვე მომინდა, რომ ის ზეპირად მესწავლა. 6 წელი მოვუნდი, რომ ზეპირად მესწავლა. მეგობრებმა, როცა გაიგეს, რომ პოემას ზეპირად ვსწავლობდი ძალიან გაუკვირდათ, რა გევეფხისტყაოსნება, წამოდი ვითამაშოთო, მაგრამ ჩემი დასახული მიზანი მსურდა სისრულეში მომეყვანა. ახლა წერეთლის უნივერსიტეტში ვსწავლობ ქართულ ფილოლოგიაზე, მაგრამ ბავშვობის ოცნება მსახიობობაა. ვეფხისტყაოსანში ჩემი საყვარელი გმირია ტარიელი, რომელსაც ვცდილობ რომ მივბაძო და როგორც ის ცხოვრობდა ისე მინდა ვიცხოვრო მეც", - უთხრა "ინფო იმერეთს" ვაჟა მაშანეიშვილმა.