სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გამო რეისების გაუქმების მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ზრდის დინამიკას ინარჩუნებს.

2026 წლის პირველ კვარტალში (იანვარ-მარტი) აეროპორტი 386 238 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით მეტია.

ქვეყნის მასშტაბით საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air ლიდერობს, რომელიც ბაზრის 20%-იან წილს ფლობს და სამ თვეში 326 670 მგზავრი გადაიყვანა. მთლიანობაში, საქართველოს აეროპორტები პირველ კვარტალში 1 605 500 მგზავრს მოემსახურა (+4.28%), საიდანაც თბილისში 8%-იანი მატება დაფიქსირდა, ბათუმში კი მაჩვენებელი 25.6%-ით შემცირდა.

რეისების საერთო რაოდენობა ქვეყანაში 9%-ით გაიზარდა და 7 799 შეადგინა, ხოლო ტვირთბრუნვაში რეკორდული 32%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მგზავრთნაკადის მიხედვით ლიდერ ავიაკომპანიებში Wizz Air-ის შემდეგ მოდიან Georgian Airways (9%), Pegasus (8%), Turkish Airlines (8%) და Azerbaijan Airlines (6%).