დღეს მე 5 საათის განმავლობაში უწყვეტად წავიკითხავ ათასობით მოკლული უდანაშაულო ირანელის სახელსა და გვარს, მათი ხსოვნის პატივსაცემად, ქუთაისის მერიის შენობის წინ, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ალი ხამენეის დაკრძალვაზე, სადაც დიქტატორები შეიკრიბებიან, საქართველოს პრეზიდენტიც იქნება.

"საქართველოს პრეზიდენტი ჩადის ირანის ყოფილი დიქტატორის ალი ხამენეის დაკრძალვაზე. დღეს მე 5 საათის განმავლობაში უწყვეტად წავიკითხავ ათასობით მოკლული უდანაშაულო ირანელის სახელსა და გვარს, მათი ხსოვნის პატივსაცემად, ქუთაისის მერიის შენობის წინ. 

მე ვფიქრობ, რომ მტერიც უნდა გვიყვარდეს, მაგრამ მას არ უნდა დავარქვათ მეგობრის სახელი. ეს არის ძალთა დემონსტრირება, რომ ავტორიტარული, დიქტატორული ძალები იკრიბებიან იქ ერთად და გული მწყდება, რომ საქართველო დღეს წარმოადგენს მათ ნაწილს.

ალი ხამენეი მოკლა ამერიკამ იმიტომ, რომ მან დადასტურებულად, დაახლოებით 15 ათასამდე უდანაშაულო ირანელი დემონსტრანტი მოკლა. ეს იყო ირანის, მათ შორის მსოფლიოს თავისუფლებისთვის გადადგმული ნაბიჯი და მათ შორის საქართველოს თავისუფლებისთვის", - განაცხადა აკაკი საღინაძემ.

აიათოლა ალი ხამენეის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში, იმამ რეზას სალოცავში 9 ივლისს დაკრძალავენ. მანამდე, 4 ივლისიდან სამგლოვიარო ცერემონიალი თეირანში, ყუმში, მეშჰედსა და ერაყის ნაწილში ხუთი დღის განმავლობაში გაიმართება. დაკრძალვის ცერემონიას მიხეილ ყაველაშვილი დაესწრება.