80 ოჯახიდან 58 საკუთარ საცხოვრებელ ადგილს ვეღარ დაუბრუნდება, - ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის დასკვნა სოფელ კურსებში განვითარებული მეწყრული პროცესების შესწავლის შემდეგ.

60-მდე ჰექტარიდან დიდი ნაწილი საცხოვრებლად გამოუსადეგარია.

გეოლოგების დასკვნას ელოდებოდა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება იმის გადასაწყვეტად, როგორ დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები დაზარალებულების საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად.

"სოფელ კურსების აღნიშნულ უბანზე, სადაც მეწყრული პროცესები გააქტიურდა და დღესაც მიმდინარეობს, მომავალში ცხოვრებას გამოვრიცხავთ. ადამიანები რომ უკან დაბრუნდნენ და გააგრძელონ ცხოვრება, ეს გამორიცხულია. ჩვენს მიერ შედგენილია დასკვნა, რომ  58 ოჯახს უკან დაბრუნების საშუალება აღარ მიეცემა. 22 სახლია მინიმუმ დანგრეული, 30-მდე სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, დანარჩენები ზედმეტ-ნაკლებად დეფორმაციით ხასიათდება. პირველ ეტაპზე მიმდინარე უბნებიც გაყვანილი იქნა, თუმცა იქ დაბრუნება შეიძლება",- განუცხადა "მოამბეს| გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ გაფრინდაშვილმა. 

იმერეთში, ქუთაისიდან დაახლოებით 10 კილომეტრში, ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესები 12 მარტის ღამეს დაიწყო. მეწყერის შედეგად დანგრეულია ათეულობით სახლი, დამეწყრილია სახნავ-სათესი მიწები და განადგურებულია კერძო ტექნიკა.