ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული ბაზრის მოვაჭრეები ხელისუფლებას უყურადღებობაში და უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

მათი განცხადებით, ბაზრის მიმდებარედ გარევაჭრობაა, მომხმარებელი ბაზარში აღარ შედის, რის გამოც ისინი პროდუქციას ვეღარ ყიდიან.

ბაზარში დასაქმებულები "ინფო იმერეთთან" საუბრისას ამბობენ, რომ მერიის ზედამხედველობის ცხელ ხაზზე რეკავენ, თუმცა რეაგირება არ ხდება.

"მოვლენ მერიიდან ჩაისეირნებენ, ჩამოისეირნებენ და წავლენ.  ხალხი ბაზარში აღარ შემოდის. მერიის თანამშრომლები გვეუბნებიან დავიღალეთ თქვენი პრობლემებით, ნუ შეგვჭამეთო. ჩვენ რა ვქნათ? როგორ ვარჩინოთ ოჯახები? როგორ გადავიხადოთ გადასახადები? რას ჰგავს ჭავჭავაძის გამზირი, საღორე გეგონება რომ გაივლი, ეს მერიაში არ ადარდებთ", - ამბობენ მოვაჭრეები.