ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში დატრიალებული ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა.

2024 წლის 7 თებერვალს, მოულოდნელად მიწის მასა მოწყდა. მეწყერს რამდენიმე წამში შეეწირა ოთხი ოჯახი.

დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. მხოლოდ ერთ ოჯახში, ღამით ჩამოწოლილმა მიწის ტონობით მასამ - სამი ბავშვი და მათი მამა მოკლა. მაშველებმა რვა დაღუპული მალევე იპოვეს, ერთი კი - მოგვიანებით.

დაზიანდა საავტომობილო გზა, გაზისა და წყლის მილები, ელექტროგადამცემი ხაზი. სტიქიას წინ 2-დღიანი უხვი ნალექი უძღოდა, ტრაგედიას კი გეოლოგთა დასკვნა, სადაც გარკვევით წერია რომ ნერგეეთი და მიმდებარე სხვა სოფლები მეწყერსაშიშია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მეწყერის საერთო ფართობი 4.45 ჰექტარი იყო. გადაადგილებული მეწყრული მასის მოცულობა კი საშუალოდ 150 000 - 160 000 მ3. გარემოს დაცვის სააგენტომ 2021 წელს ბაღდათში სულ 14 დასახლებული პუნქტი შეამოწმა, მათ შორის სოფელი ნერგეეთიც. შედეგად მომზადდა ყოველწლიური გეოგრაფიული ბიულეტენი, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ მომდევნო წელს მეწყრული პროცესების განვითარება მოსალოდნელი იყო სოფელ ნერგეეთში, დიმში, პირველ და მეორე ობჩაში, წითელხევში, ზეგანში, ფერსათსა და შუბანში.