საქსტატის ახალი მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა 397 ათასამდე გაიზარდა, რაც წლიურად დაახლოებით 6 ათასით მეტია. რეგიონული ჭრილის მიხედვით, ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი იმერეთში ფიქსირდება. ს

ოციალური დახმარების ბაზაში იმერეთში დაახლოებით 60 300 ოჯახია რეგისტრირებული, თუმცა საარსებო შემწეობას მხოლოდ დაახლოებით 14 000 ოჯახი იღებს.

სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 129.5 ათასი იყო, რაც წლიურად 0.7%-იან ზრდას ნიშნავს. ამასთან, საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახების რაოდენობა 54.8 ათასს შეადგენდა.

რეგიონებს შორის ტრადიციულად ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია - 79.6 ათასი, საიდანაც დახმარებას 33.5 ათასი იღებს.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლიდან ჩერდება სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებში ბენეფიციარები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 300 ლარს იღებდნენ. ოფიციალური მონაცემებით, 2022-2024 წლებში ამ პროგრამით დაახლოებით 40 ათასი სოციალურად დაუცველი იყო დასაქმებული. მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციტია და პროგრამის მონაწილეები დასაქმების ღია ბაზარზე გადაინაცვლებენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შეუნარჩუნდებათ თუ არა მათ სოციალური სტატუსი.