ანასტასია (ანიჩქა) ნიკოლაძე - მთარგმნელი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, იაკობ ნიკოლაძის ქალიშვილი, ნიკო ნიკოლაძის და.

დაიბადა 1848 წლის 24 დეკემბერს ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელი.

1883 წელს დასთან, ეკატერინე ნიკოლაძესთან ერთად ქუთაისში დააარსა მხატვრული ჟურნალი "ქართული ბიბლიოთეკა", რომლის რედაქტორი იყო ეკატერინე ჭყონია-ლორთქიფანიძე; ჟურნალში თანამშრომლობდნენ ოლგა და მარიამ ხელთუფლიშვილები, ელენე ყიფიანი-ლორთქიფანიძე (დავით ყიფიანის ქალიშვილი), ანა სიმონის ასული მესხი-პეტრიაშვილი და სხვ.;

ჟურნალის მთავარი ხელმძღვანელები და რედაქტორ-კორექტორები უმთავრესად ეკატერინე და ანასტასია ნიკოლაძეები იყვნენ; ჟურნალი 1883-1884 წლებში გამოდიოდა, იმავე ხანებში ისინი ღარიბ ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ;

1884-1885 წლებში დებმა - ანასტასია, ეკატერინე და ეფროსინ ნიკოლაძეებმა, რომელიც ალექსი ჭიჭინაძის მეუღლე იყო, ქუთაისში კერძო სკოლა დააარსეს; 1890 წელს ეკატერინემ და ანასტასიამ ქუთაისში, თავიანთ სახლში კერძო პანსიონი გახსნეს; ეს კერძო პანსიონი 1918 წლამდე არსებობდა.

1890-იან წლებში, ოლიმპიადა, ანასტასია, ეკატერინე და ეფროსინე ნიკოლაძეები მონაწილეობას იღებდნენ ქუთაისის საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობაში.

ანასტასია ნიკოლაძე 1931 წლის 24 ივლისს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფოტოზე: ანასტასია და ეკატერინე ნიკოლაძეები დისშვილთან ირაკლი წერეთელთან ერთად