ჟურნალისტ მარიამ ნიკურაძის ინფორმაციით, დაკავებულ მაღაროელებს მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციიდან დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ შეწყალების შესახებ მისწერეს, თუმცა მაღაროელებმა უარი განაცხადეს.

როგორც ნიკურაძე წერს, ამის შესახებ მას პირადად უთხრა გიორგი ნეფარიძემ, რომელმაც ციხიდან დაურეკა.

“გიორგიმ დარეკა ციხიდან, მხნედ ვართო. წინა კვირას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ფურცლები მოვიდა შეწყალებაზე, აღიარებას გვთხოვდნენ დანაშაულის, რომ შეწყალება განეხილა და უარი განვუცხადეთო.

6 წელი კი არა, კიდევ 6 რომ დამიმატონ, რაც არ გამიკეთებია, იმას მაინც არ ვაღიარებო. ყველამ მოვუწერეთ უარზე ხელი და გავუგზავნეთო. 9 წელს ვიყავი შეგუებული, ბრალი რომ წარმიდგინეს და 6 წელი არც ისე ბევრია, მალე გავაო.

რასაც ვუყურებ ზოგს გარეთ უფრო აქვს შეზღუდული თავისუფლება, ვიდრე ჩვენ აქ შიგნითო. ჩვენი სიმართლისთვის ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას”, – წერს ნიკურაძე სოციალურ ქსელში.

ჭიათურელი მაღაროელები – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე 2025 წლის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამარ მაზანაშვილის გადაწყვეტილებით, მერაბ სარალიძეს - 6 წელი და 3 თვე, გიორგი ნეფარიძეს - 6 წელი და 3 თვე, თენგიზ გველესიანს - 4 წელი და 3 თვე, არჩილ ჭუმბურიძეს - 4 წელი და 3 თვე 20 იანვარს მიესაჯათ.