ქუთაისელი ადვოკატი ივანე ლომიძე მოსამართლე მანანა ნიკაჭაძეს სავარაუდო სამსახურებრივ სიყალბესა და ხელმოწერის გაყალბებაში ადანაშაულებს.
უფლებადამცველის განცხადებით, საქმეზე, რომელიც 2022 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს, პროცესები ხელოვნურად გაჭიანურდა, დაცვის მხარეს შეეზღუდა სიტყვით გამოსვლისა და მტკიცებულებების წარდგენის უფლება, საბოლოოდ კი უკანონო გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
ადვოკატის თქმით, საქმის მასალებში ფიგურირებს დოკუმენტი, რომელზეც სავარაუდოდ, მისი ხელმოწერაა გაყალბებული. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაცვის მხარე გენერალურ პროკურატურასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს.
"ეჭვი მაქვს, რომ მან გააყალბა ჩემი ხელმოწერა, სადაც მაჩვენა ფურცელი თანაშემწემ, ვითომ მე მაქვს ხელი მოწერილი. სინამდვილეში, მე ამ დოკუმენტზე ხელი არ მომიწერია. უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ გააყალბა. ამიტომ ვამზადებთ განცხადებას გენერალური პროკურატურის სახელზე, რათა დაიწყოს გამოძიება სამსახურებრივი სიყალბის მუხლით. ასევე მივმართავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ დაინტერესდეს ამ პიროვნებით", - ამბობს ადვოკატი "ინფო იმერეთთან" საუბრისას.
"ინფო იმერეთი“ მზადაა, სურვილის შემთხვევაში, საპასუხო კომენტარი გაავრცელოს.