ჭიათურელმა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ პარლამენტთან უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
"2023 წელს 5 დღის განმავლობაში გვქონდა ჭიათურელ მაღაროელებს საპროტესტო აქცია, თუმცა არაერთი დაპირების მიუხედავად, რომ პრობლემა, რომელიც იდგა ჭიათურაში დასაქმების ბაზარზე, მაინც არ შესრულდა და მოვედით დღემდე პროტესტით.
ძნელი იქნება, დავიწყო საუბარი და რამდენიმე წუთში ჩავეტიო, რადგან ძალიან რთული პერიოდი გამოიარა ჭიათურის პროტესტმა, განსაკუთრებით, 2025 წლის 28 თებერვლიდან დღემდე.
მინდა ასევე სოლიდარობა გამოგიცხადოთ ჭიათურელი მაღაროელების სახელით თქვენ, რომლებიც უკვე წელიწად-ნახევარია და ცოტა მეტიც, იმ საერთო პრობლემების გამო გაერთიანდით წვიმაში, თოვლში, მზეში, ასეთ რეპრესიებში, როდესაც უბრალოდ აქ დგომის გამო ადამიანებს აპატიმრებენ, ეს არის ყოველგვარ ადამიანურ ზღვარს გადასული. ვერ შევაფასებ სიტყვებით, რომელ სამართლებრივში ჯდება, თორემ კანონი რომ მოირგეს თავის თავზე, ეს ჩემთვის უკვე გასაგებია.
არსებულმა მთავრობამ, თუ შეიძლება ასე ითქვას, კანონი და სამართალი ფაქტობრივად, დააშორა ერთმანეთისგან. კანონი და სამართალი აღარ იცავს ხალხს“, - განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ პარლამენტთან.
ხვალ, 26 მარტს, 13:00-ზე ჭიათურის პროტესტის მონაწილეები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას გამართავენ და მათი თანამებრძოლების პატიმრობას გააპროტესტებენ.