ექთნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 12 მაისს, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის, კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრისა და სისხლის ბანკის ორგანიზებით, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ექთნების პროფესიის პოპულარიზაციას, მათი ყოველდღიური შრომის აღიარებას და საზოგადოებაში ექთნის როლის კიდევ უფრო გაძლიერებას.
საღამოს ფარგლებში 7 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ გამორჩეული ექთნები.

თითოეულმა მათგანმა მიიღო სიმბოლური ჯილდო პროფესიული თავდადებისა და განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნავად.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ სპექტაკლს - "ნოემბრის სითბო“, რამაც საღამოს დამატებითი კულტურული დატვირთვა შესძინა.
"ექთნები ჩვენი ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანესი საყრდენია. მათი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და ადამიანური ზრუნვა ყოველდღიურად უზრუნველყოფს პაციენტების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. ეს დღე არის ჩვენი გულწრფელი მადლიერების გამოხატულება თითოეული ექთნის მიმართ“, - განაცხადა დასავლეთ საქართველოს ჰოსპიტალური განვითარების დირექტორმა ანჟელა ორჯონიკიძემ.
ტრადიციად ქცეულმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ექთნის პროფესიის მნიშვნელობას და მათ შეუცვლელ როლს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემაში.