ბუნება, მთები და ახალი თავგადასავლები - „საირმეს რეკრეაციულ ფერმას“ სამთო მოგზაური და ფოტოგრაფი გიორგი ენუქიძე ესტუმრა. გიორგი ქუთაისიდანაა და ამ ტერიტორიას კარგად იცნობს - ის მოგზაურობის მოყვარულთა ჯგუფთან ერთად წლების განმავლობაში სტუმრობს საირმეს. ამჯერად მისი ვიზიტი დოკუმენტური ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა მწვერვალ დიდმაღალზე ასვლის პროცესის ფოტო- და ვიდეოგადაღებას, ასევე ალპური ზონის ლანდშაფტის უნიკალური სილამაზის აღწერას ფოტოობიექტივისა და დრონის გამოყენებით.

გიორგი ენუქიძე, სამთო მოგზაური და ფოტოგრაფი: „ქუთაისიდან ვიყავით წამოსული რამდენიმე სამთო გიდი და სამთო-სათხილამურო მოყვარული. მწვერვალ დიდმაღალზე ასვლა და იქიდან თხილამურებით დაშვება გვინდოდა. „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ქუთაისთან ახლოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და განსაკუთრებით საინტერესო ადგილია სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებისთვის. რელიეფი იმდენად საინტერესოა, რომ მთლიანად ველურ ბუნებას ხედავ - სწორედ ეს ხდის ამ ტერიტორიას განსაკუთრებულს“.
გიორგისთვის გადაღების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი დილის პეიზაჟი აღმოჩნდა, როცა მას უნიკალური ბუნებრივი მოვლენის ფოტოობიექტივით აღბეჭდვის შესაძლებლობა მიეცა.

„გამორჩეული კადრი დილის პეიზაჟი იყო, როცა მთლიანად კოლხეთის დაბლობი, იმერეთი და ქუთაისი ღრუბლებში იყო გახვეული, ჩვენ კი ამ სანახაობას ზემოდან ვუყურებდით. ქვემოთ ცუდი ამინდი იყო, წვიმდა, ხოლო ზემოთ, საირმეში, მზე გვქონდა. ეს მართლაც განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მომენტი იყო. დრონითაც გადავიღე ეს კადრი - ღრუბლების ზემოთ მზე, ხოლო ქვემოთ, ღრუბლების საფარქვეშ, წვიმიანი ამინდი. ასეთი კონტრასტი იშვიათად გხვდება“, - აღნიშნავს გიორგი ენუქიძე.
ფოტოგრაფის თქმით, ალპური ზონის გადაღება განსაკუთრებული გამოცდილება იყო. ამ პერიოდისთვის თოვლის საფარი მოგზაურებს საკმაოდ მკვრივი დახვდათ, რაც მწვერვალზე ასვლას უფრო შთამბეჭდავს ხდიდა. თხილამურებით გავლილი დაახლოებით ორი კილომეტრი, გიორგის შეფასებით, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, თოვლის ხარისხისა და ლანდშაფტის სილამაზის გამო.
გიორგი ენუქიძე მიიჩნევს, რომ „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ფოტოგრაფისთვის უნიკალური სამუშაო გარემოა - აქ ერთ ტერიტორიაზეა თავმოყრილი ყველაფერი, რაც ხელოვანს მრავალფეროვანი ვიზუალური მასალის შესაქმნელად სჭირდება.

„ეს ადგილები ჯერ კიდევ ველურია - ბევრი ავტომობილი არ დადის. ქუთაისთან ახლოს ეს ერთადერთი ხელმისაწვდომი ადგილია, სადაც შეგიძლია, ველურ ბუნებაში გახვიდე და ფოტოგადაღებისთვის ან სალაშქროდ წახვიდე. გარდა ამისა, ცხოველებისა და ფრინველების რაოდენობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა, რასაც ჩვენც ვამჩნევთ. მიუხედავად იმისა, რომ, თავად ცხოველები ამჯერად ჩემს ობიექტივში არ მოხვედრილან, მათი ნაკვალევი ყველგან ჩანდა. სავარაუდოდ, არჩვის ან შველის ნაკვალევი უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, ცოტა ხანში ეს ტერიტორია გარეული ცხოველების ფოტოგრაფებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი გახდება საქართველოში“, - ამბობს გიორგი.
გიორგი ენუქიძე საირმეში მთელი წლის განმავლობაში დადის - როგორც პირადი პროექტებისთვის, ისე ტურისტებთან ერთად. ფოტოგრაფი განსაკუთრებით გამოარჩევს საირმეში ღამის ცის გადაღების შესაძლებლობას - ფიქრობს, რომ ეს ერთ-ერთი იდეალური ლოკაციაა საქართველოში ვარსკვლავიანი ცის ფოტოგადაღებისთვის.

გადაღებული მასალის ნაწილს გიორგი თავის სოციალურ ქსელებში აზიარებს - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ მისთვის უკვე დიდი ხანია, შემოქმედებითი შთაგონების მუდმივი წყაროა. ფოტოგრაფი გეგმავს, რომ მომავალში კიდევ არაერთხელ დაბრუნდეს ამ ტერიტორიაზე და სხვადასხვა სეზონის ხასიათი თავის ობიექტივში აღბეჭდოს.
„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში 13 000 ჰექტარს მოიცავს. მისი მიზანია ბუნებრივი ეკოსისტემის აღდგენა, ტყის დაცვა და მონიტორინგი, წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ გარემოში დაბრუნება, ეკოტურიზმის განვითარება - ვიზიტორებისთვის ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შეთავაზება.
რეკრეაციული ფერმა ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ბუნება, მთები, თავგადასავლები იზიდავს და ვისაც სურვილი აქვს, ახალი, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღოს. წელიწადის ოთხივე სეზონზე აქ შესაძლებელია მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვა. ეს მრავალფეროვნება კი საირმეს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ხელოვანებისა და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის.