ინციდენტი მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის პირველ სესიაზე.

მასწავლებელი,  რომელიც დღეს ქუთაისში გამოცდაზე გავიდა, "ინფო იმერეთს" უყვება, რომ პედაგოგებს კომპიუტერებში წინა წლის ტესტები დახვდათ ჩატვირთული. ფაქტის შესახებ გამოცდების დაწყებიდან რამდენიმე წუთში გახდა ცნობილი, რის შემდეგაც მსვლელობის დროს მასწავლებლებს მოუწოდეს, რომ მუშაობა შეეწყვიტათ და კომპიუტერები დაეხურათ.

"მუშაობა დაწყებული გვქონდა რამდენიმე წუთის, როცა გვითხრეს, შეწყვიტეთ მუშაობა და კომპიუტერები დახურეთო. შემდეგ გაირკვა, რომ წინა წლის გამოცდები იყო ჩატვირთული,  მასწავლებლებმა ინერვიულეს - დრო მიდის, როგორ მოვიქცეთ, გამოცდა ჩაიშალაო? დაახლოებით 20-25 წუთის შემდეგ ჩატვირთეს ახალი ტესტები და დავიწყეთ მუშაობა და გაცდენილი დროც დაგვემატა. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს“, - განუცხადა "ინფო იმერეთს“ ერთ-ერთმა პედაგოგმა, რომელიც გამოცდაზე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში 09:00 საათზე იმყოფებოდა.

"ჯერ ისედაც დააგვიანეს გამოცდის დაწყება, გვაცდევინეს 10-ის 20 წუთამდე, მერე ჩაგვაწერინეს კოდი და მესამე საკითხზე რომ გადავედით ამოსახსნელად, მაშინ აღმოაჩინეს, რომ ძველი ტესტი იყო, თუმცა მანამდე გამომცდელს ვუთხარით, რომ ტესტს ეწერა 2025 წელი, მაგრამ არაუშავსო. დაგვზაფრეს კი. 10-ს უკლდა 10 წუთი გვეღირსა წერის დაწყება. ასეთი იყო დღეს ჩვენი ამბავი", - განაცხადა კიდევ ერთმა პედაგოგმა. 

უცნობია ტექნიკური ხარვეზი საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საგამოცდო ცენტრში მოხდა, თუ კონკრეტულად ქუთაისის საგამოცდო ცენტრში.