ვასილ კიკვიძის ძეგლის აღებაც არის ერთგვარი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის ცნობიერებაში შესუსტდეს საბჭოთა ყალბი იდეოლოგიისადმი ტრფობა, - ამის შესახებ "ინფო იმერეთთან" ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არ იქნება შემთხვევითი, თუ ზვიად გამსახურდიას გამზირზე აღიმართება ზვიად გამსახურდიას ძეგლი, რადგან დღევანდელ ზვიად გამსახურდიას გამზირზე, 12 ნომერში იდგა სახლი, სადაც ცხოვრობდა ეროვნული მოძრაობის წევრი, ქუთაისელი ქალბატონი მარგარიტა თვალოძე და ქუთაისში ჩამოსვლისას მასთან ხშირად სტუმრობდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა.

"საბჭოთა სახელმწიფო ზოგადად იყო ყალბ იდეოლოგიაზე აგებული რეჟიმი და ამ იდეოლოგიაში ძალიან დიდი ადგილი ეკავა ძველი ბოლშევიკების უმისამართო პატივდებას და თაყვანისცემას. სწორედ ამ საბჭოთა პროგრამაში იყო ათწლეულთა მანძილზე ჩასმული ერთ-ერთი ძველი ბოლშევიკის ვასილ კიკვიძისადმი პატივგება.

ის იყო ქუთაისელი, დაიბადა ქუთაისში, აქ გაატარა ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლები, იგი სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, საიდანაც თავიდან გარიცხეს ბოლშევიკურ-რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო. შემდეგ მას სიკვდილით დასჯაც კი ჰქონდა მისჯილი, თუმცა 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციამ მას შეუცვალა ეს განაჩენი. ამის შემდეგ ის აქტიურად "იღვწის" (იბრძვის) უკრაინის ტერიტორიაზე საბჭოთა არმიის სასარგებლოდ, ის იბრძოდა, მეთაური იყო იმ დანაყოფებისა, რომლებიც იბრძოდა საბჭოთა რუსეთის მხრიდან უკრაინის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ და ის იყო აქტიური ბოლშევიკი და ამ ბოლშევიკების სასარგებლო ბრძოლას შეეწირა კიდევაც ის არასრულ 24 წლის ასაკში 1919 წელს.

შემდეგ საბჭოთა რეჟიმმა მისი სახელი, განსაკუთრებით საქართველოში, აქცია საბჭოთა წითელი არმიის პატივგების ერთგვარ სიმბოლოდ და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში არსებობდა მისი სახელობის ქუჩები, სკვერები, მათ შორის კიკვიძის მშობლიურ ქუთაისში კომუნისტურმა რეჟიმმა 1959 წელს დადგა კიკვიძის ძეგლი, რომლის მოქანდაკეები არიან გიორგი ნიკოლაძე და ვალერიან მიზანდარი, ხოლო არქიტექტორი გახლდათ გივი თოდაძე. ეს ადგილი, მოგეხსენებათ, მთელი თაობისთვის ცნობილი იყო, როგორც კიკვიძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია, კიკვიძის ბაღი. შემდეგ, როდესაც საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა, სრულიად სამართლიანად არაერთგზის გაიჟღერა ამ ძეგლის, როგორც ერთ-ერთი საბჭოთა "გმირის" პატივგების მონუმენტის აღების იდეამ, სამწუხაროდ, ეს ვერ განხორციელდა დიდი ხნის მანძილზე და ახლა დემონტაჟდა ეს ძეგლი, სრულიად სამართლიანად. 

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი, სამწუხაროდ, დღემდე არის მოწყვლადი საბჭოთა იდეოლოგიის მიმართ. ამ ძეგლის აღებაც არის ერთგვარი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის ცნობიერებაში შესუსტდეს საბჭოთა ყალბი იდეოლოგიისადმი ტრფობა. 

რაც შეეხება ამ გამზირს, საიდანაც იწყება ზვიად გამსახურდიას გამზირი ქუთაისში და სადაც თავში იდგა ვასილ კიკვიძის ძეგლი, ამ გამზირს შემთხვევით არ ეწოდება ზვიად გამსახურდიას გამზირი და რატომ აი, აქ - დღევანდელ ზვიად გამსახურდიას გამზირზე, 12 ნომერში იდგა სახლი, სადაც ცხოვრობდა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, ქუთაისელი ქალბატონი მარგარიტა თვალოძე და ქუთაისში ჩამოსვლისას მასთან ხშირად სტუმრობდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, ისინი ხშირი სტუმრები იყვნენ ამ უბნის, ამიტომ, არც ამ გამზირს ეწოდება შემთხვევით ზვიად გამსახურდიას სახელი ქუთაისში და არც ამ გამზირის თავში არ იქნება შემთხვევითი, თუ აღიმართება ზვიად გამსახურდიას ძეგლი. არსებობს ეს მოსაზრება, შეიძლება ვთქვათ, რომ არაოფიციალურმა ინფორმაციამაც გაიჟღერა და თუ ეს დადასტურდება, ეს იქნება ისტორიული სამართლიანობის გამოძახილი", - განაცხადა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ.

ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლი აიღეს. "ინფო იმერეთის“ ინფორმაციით, ადგილზე ზვიად გამსახურდიას ძეგლი დაიდგმება.