სამტრედიის დახურულ ბაზარში გასაყიდი ყველი არასათანადო პირობებში, ცელოფნის პარკებით პირდაპირ იატაკზეა დაწყობილი. აღნიშნული ფაქტის შესახებ ფოტოსა და ინფორმაციას მოქალაქე ფეისბუკჯგუფ "სამტრედიელებში“ აქვეყნებს.
პოსტის ავტორი სურსათის ეროვნულ სააგენტოს რეაგირებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მაშინ როცა მომხმარებლები სოფლიდან გამოგზავნილ სუფთა პროდუქტზე წუწუნებენ, რომ ძვირია, ბაზარში შეუსაბამო პირობები ხვდებათ.
"სურსათის ეროვნული სააგენტო, ამას არ უყურებს თქვენი თანამშრომლები? სოფელში, ოჯახიდან რომ ყველს ან სულუგუნს ყიდიან და აქ ათავსებენ ინფორმაციას, მერე ხალხი რომ წუწუნებს, ძვირიაო. ა ბატონო, მიბრძანდით დახურულ ბაზარში და შეიძინეთ,“ - წერს ადგილობრივი მცხოვრები.
პროდუქტის შენახვისა და რეალიზაციის ამ ფორმას სოციალურ ქსელში ადგილობრივების გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლები კრიტიკას გამოხატავენ არსებული მდგომარეობის გამო.
ამ ეტაპზე უცნობია, მოჰყვება თუ არა აღნიშნულ ფაქტს სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება.