ხარაგაულის სოფლებში ღვერკსა და ხემაღალში მეწყრული პროცესები დაახლოებით ერთი წლის წინ გააქტიურდა.
2025 წლის მაისში მეწყერი დაახლოებით 68 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული გეოლოგიური კომპანიის დასკვნით, აღნიშნული მეწყერი საქართველოში დაფიქსირებულ ყველაზე მასშტაბურ პროცესებს შორის შედის და საერთაშორისო კლასიფიკაციით "ძალიან ღრმა“, "ძალიან მძლავრი“ და "ექსტრემალურად დიდი“ კატეგორიების ფარგლებში ხვდება.
მეწყერის შედეგად დაზარალებულ 112 ოჯახს სახელმწიფო კომპენსაციას გადაუხდის.
დოკუმენტის მიხედვით, კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი:
50 000 ლარი გადაეცემა იმ ოჯახებს, რომელთაც საკუთრებაში რეგისტრირებული სხვა საცხოვრებელი არ აქვთ;

30 000 ლარი განესაზღვრებათ იმ პირებს, რომელთაც ჰქონდათ ან აქვთ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და იგი 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ გაასხვისეს.
იგივე წესი ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, თუ დაზიანებული სახლის მესაკუთრე ამ თარიღისთვის ფლობდა სხვა საცხოვრებელს და მოგვიანებით გაყიდა დაზიანებულ სახლში არსებული წილი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული კომპენსაცია არ გახდება სოციალური სტატუსის გადამოწმების საფუძველი და ოჯახებს არ დაეკისრებათ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის თანხის მიღების შესახებ შეტყობინების ვალდებულება.
სოფლებში მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ შეთავაზებული თანხა რეალურ ზარალს ვერ ფარავს და ამბობს, რომ ბევრი ოჯახი კომპენსაციის მიღებას არ აპირებს.