სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა.
სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სოფელ ციხესულორში ფიზიკური პირი არაგეგმურად შეამოწმეს, რომელიც ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა. გარდა ამისა, დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესი და მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც.
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.