ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქართველოში არაერთი პრობლემა რჩება. ისტორიულ და კულტურულ ძეგლებზე ქართულენოვანი საინფორმაციო დაფების, გზამკვლევების, ბილიკებისა და მარკირების, ასევე სანიტარიული კვანძების ნაკლებობა ტურისტების გამოცდილებაზე და საბოლოოდ, ქვეყნის ტურისტულ იმიჯზეც აისახება.
ახალგაზრდა გიდების ასოციაციის და კომპანია Travel to Georgia-ს დირექტორი ლაშა ბერეკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ხშირად რთულია ისეთი ისტორიული ძეგლის პოვნა, სადაც ვიზიტორს ძეგლის შესახებ სრულყოფილი და გამართული ინფორმაცია ქართულ ენაზე დახვდება.
„ძნელია იპოვოთ ისტორიული ძეგლი, შუა საუკუნეების, ან ადრე ქრისტიანული პერიოდის, რომელზედაც დახვდება გამართული წარწერა, ანოტაცია, ქართულ ენაზე. ახლახან ვიყავი ზარზმაში და ძეგლის შესახებ ჯერ კიდევ რუსული წარწერა საინფორმაციო ნიშნულად დადებული მაშინ როცა, 35 წელია დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და ჩვენ ქართულ ენას და ჩვენს ქართულ ტაძრებს ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებთ, ეს წარმოუდგენელი ამბავია“,- ამბობს ბერეკაშვილი.
მისივე თქმით, პრობლემა მხოლოდ ქართულენოვანი ინფორმაციის ნაკლებობას არ ეხება. მისი შეფასებით, ტურისტულ ობიექტებზე ხშირად საერთოდ არ არსებობს შესაბამისი საინფორმაციო გზამკვლევები, მანიშნებლები და ინფრასტრუქტურა, რომელიც ვიზიტორს ადგილამდე მისვლასა და ობიექტის სრულფასოვნად დათვალიერებაში დაეხმარება.
"არ არსებობს საინფორმაციო გზამკვლევები, არ არსებობს მანიშნებლები, არ არსებობს საინფორმაციო დაფები. უკვე ძველი, რომელიც იუნესკომ, GIZ-მა თუ სხვებმა გააკეთეს, ეს მარკირება და ბილიკი გამოსულია წყობიდან, საჭიროებს განახლებას, რომელსაც არავინ აკეთებს.
აღარ ვსაუბრობ იმ ტუალეტების თემაზე, რომელიც მოუგვარებელი პრობლემას და არავინ პასუხს არ აგებს. ყველა ან დაპირებას იძლევა ან უბრალოდ გადამისამართებას აკეთებს, რომ მას არ ეხება. რეალურად ეს ყველას და ყველაფერს აზიანებს. ინფრასტრუქტურა არის საკმაოდ დაბალ დონეზე“, - აცხადებს ბერეკაშვილი.
სექტორის წარმომადგენლების თქმით, პრობლემა განსაკუთრებით მწვავე იმ ადგილებშია, სადაც ტურისტული ნაკადი იზრდება და არსებული ინფრასტრუქტურა ვიზიტორების რაოდენობას ვეღარ პასუხობს.
"ორი კვირის წინ მესტიის ცენტრში ჩემს კოლეგას, ფიზიკურად თავზე დაეცა საინფორმაციო ბანერი და ასეთი პასუხი გაეცათ, რომ ეს 14 წლის წინ გაკეთებულია და მაგაზე პასუხს ვერავინ ავიღებთო. ანუ მესტიის ცენტრში საინფორმაციო ბანერი რომ ადამიანს თავზე ეცემა, ეს ყოფილა 14 წლის წინ რომ ამერიკამ დააფინანსა იმის ბრალი და ახლა, თურმე, ამასთან კავშირი არ აქვთ“, - განაცხადა „საქმიან დილასთან“ საუბრისას ლაშა ბერეკაშვილმა.
ტურიზმის სფეროში კიდევ ერთ პრობლემად სახელდება მთიან რეგიონებში ტურისტების გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხები. ბერეკაშვილი ამბობს, რომ გარკვეულ რეგიონებში გიდებს და მძღოლებს ტურისტების გადაადგილებისას ადგილობრივი ტრანსპორტით სარგებლობას სთხოვენ ან აიძულებენ, რასაც, მისი თქმით, ზოგჯერ დაპირისპირება და კონფლიქტი მოჰყვება.
„ასევე პრობლემაა მთიან რეგიონებში. არ მინდა დავასახელო კონკრეტულად რეგიონები, როდესაც ბარიდან ადიან და აჰყავთ გიდებს და მძღოლებს ტურისტები, იქ აიძულებენ და სთხოვენ, რომ მხოლოდ მათი ტრანსპორტით გააგრძელონ ტურისტებმა იმ რეგიონში ადგილების დათვალიერება. ხშირად არის ფიზიკური, მუქარების ან ანგარიშსწორების შემთხვევები და ამაზე არავინ რეაგირებს. ნებისმიერ რეგიონში დამატებითი ტურისტის ჩაყვანა იმ რეგიონისთვის უნდა იყოს სიკეთის შემტანი და მიმცემი და არა საპირისპიროს საფუძველი. ვფიქრობ, რომ ეს არც მათ წაადგებათ, ვინც ამას აკეთებს და არც ზოგადად ქვეყნის ეკონომიკას. ტურისტების უსაფრთხოება, კომფორტული გადაადგილება, დადებითი ემოციების წაღება ქვეყნიდან, ქვეყნისთვის არის პრიორიტეტული მიმართულება“, - აცხადებს ლაშა ბერეკაშვილი.