ქუთაისში, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები თეა წულუკიანის მინისტრობის დროს დაიწყო. პროცესი უკვე სამი წელია, მიმდინარეობს.

თეა წულუკიანი თიკა რუხაძემ შეცვალა, ხოლო რუხაძე - მაია ბითაძემ. სამივე მინისტრი ქუთაისში ვიზიტისას ოპერის თეატრის რეაბილიტაციას ათვალიერებდა, თუმცა სამუშაოები ისევ დაუსრულებელია.

ოპერის თეატრის შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, პროექტი 2025 წლის ბოლოს უნდა დამთავრებულიყო.

ზაფხულში ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორმა ზურაბ ოიკაშვილმა "ინფო იმერეთთან" საუბრისას  განაცხადა, რომ სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდებოდა. წლის ბოლომდე თვე-ნახევარია დარჩენილი და უცნობია, მოესწრება თუ არა ამ პერიოდში იმ თეატრის სრული რეაბილიტაცია, რომლის განახლებაც წლებია, გრძელდება.