მაესტრო გიორგი ლომთაძეს ქუთაისის მესხიშვილის თეატრიდან 23 ივლისს გამოასვენებენ.

საქართველოს დამსახურებული არტისტი, საოპერო მომღერალი და პედაგოგი გიორგი ლომთაძე 88 წლის ასაკში,  19 ივლისს გარდაიცვალა.

გიორგი ლომთაძე 1972 წლიდან იყო ქუთაისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი, 1998-2007 წლებში დირექტორი, პარალელურად 1972 წლიდან ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი (ვოკალი), 1974-1976 წლებში დირექტორი. 1974 წლიდან იყო ქუთაისის უმაღლესი მუსიკალური კოლეჯის პედაგოგი, პროფესორი.

მისი რეპერტუარიდან აღსანიშნავია: მურმანი, კიაზო (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), გოჩა (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), გელა (რ. ლაღიძის „ლელა“), ჩალხია, ქრისტეფორე (ო. თაქთაქიშვილის „მინდია“, „პირველი სიყვარული“), თავადი ლევანი (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), გრიბოედოვი (დ. თორაძე „ჩრდილოეთის პატარძალი“); რიგოლეტო, ჟერმონი, დი ლუნა (ვერდის „რიგოლეტო“, „ტრავიატა“, „ტრუბადური“), ალფიო (მასკანის „სოფლის პატიოსნება“), ონეგინი, ზარეცკი (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „პიკის ქალი“), ალეკო (რახმანინოვის „ალეკო“) და სხვა.