რადგან წინა ორშაბათის ბლოგი ეფრო კლდიაშვილის სიყვარულს ვუძღვენი, ჩემი ფიქრი ბუნებრივად შეჩერდა ქეთი მამუკელაშვილზე. ადამიანზე, რომელმაც ახალი სიცოცხლე მისცა ეფროს როლს და მისიას ამ ქალაქში. ქეთიმ წლობით ატარა ამ დიდი ქალის დაცრეცილი მონოგრაფია, ესიყვარულა, გააგრძელა ისტორიები, მისი შთამომავლობა უკეთ შეისწავლა, ანასტასიას წერილების დასრულებული და დაუსრულებელი ფოლიანტები იკითხა ჩვენი დიდი მუზეუმის არქივში, არაჩვეულებრივი მხატვარი გოჩა ჩხაიძე შთააგონა  გრაფიკული ტილოების შესაქმნელად და მერე,  თეატრალურ ფერებში შეფუთული ახალი წიგნი აჩუქა სამყაროს ეფროს პორტრეტით და ავტოგრაფით. ყდაზე მხოლოდ ეფროა და არა - ავტორი.

ქეთი,  მესხიშვილის თეატრში მისვლის დროიდან გახდა ჩემი მეგობარი. არ გვიყვარდა ერთი და იგივე წარსული, არც ერთი და იგივე პოლიტიკოსები, არც მოვლენები, რომელიც ქმნიდა ჩემი ქალაქის და ქვეყნის თანამედროვე ისტორიას, არც ერთნაირი მიდგომა გვქონდა ტრადიციების რღვევაზე მკაცრად კონსერვატიულ სივრცეებში, მაგრამ ერთმანეთი გვიყვარდა - ხარისხით, აღმატებულზე ოცნებით, სხვების გაუკვდავებით. მე საბა კლდიაშვილის თავგანწირულობაზე ვიყავი შეყვარებული ყმაწვილური შუშპარობით, ქეთი-  ეფროზე - ქალის სრულყოფილი ისტორიით და სრულყოფილებაზე უფრო მეტით. ქეთი - ქეთია!

ნებისმიერ დროში აკადემიურობისკენ სწრაფვით და მაღალი სტანდარტის ერთგულებით, ფუძემდებლური თეორიების ერთგული და მემკვიდრე, განმანათლებლური ინსტინქტით,  და ამ ქალაქის კულტურული ისტორიის გენეტიკური ტოტით.

გახსოვთ, რეზო გაბრიაძის დიმიტრი გელოვანი? ქეთის ბაბუად ეკუთვნოდა. დედის, დალი გელოვანის მამის ძმა. ‘’..ექიმი, თერაპევტი, პატიოსანი, წყნარი, ოჯახისშვილი..“ , ერთი კედელი რომ ჰყოფდა ‘’გენიოზი“ შემოქმედის სახლისგან.

ქეთის მშობლები ქუთაისის საოპერო თეატრის დაარსების სათავეებთან დგანან - უნიჭიერესი კონცერტმაისტერი დალი გელოვანი და ოდესის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, თელაველი  ალექსანდრე (საშა) მამუკელაშვილი, რომელიც თეიმურაზ კობახიძემ ჩამოიყვანა ჩვენს ქალაქში. ქეთი იხსენებს : მამა მელიტონ ბალანჩივაძის ოთახში ცხოვრობდაო. ძალიან იმპოზანტური გახლდათ, არტისტული, მომხიბვლელი. როცა ქალბატონი დალი შეირთო, ძველი კარადის კარი რიტუალურად გამოაღო, ქაღალდების დასტა ხელში მოიქცია და ერთგულების ნიშნად, ყველა ძველი სატრფიალო ბარათი რიონის ტალღებს მისცაო,-  სხვა  ’’ავტორების“ ხელნაწერები ..

მუდმივად „საჩინო“ ადგილზე ცხოვრობდნენ, მაგრამ ცხოვრობდნენ მოკრძალებულად, როგორც ნამდვილი შემოქმედების პატიოსანი მსახურები, ცისფერ  სისხლზე ამოდებული ლაგამით, დავიწყებული უპირატესობით,  გონიერებით და შრომისმოყვარეობით თვალშისაცემი, ღირსეული ბიოგრაფიით და ღირსეული შვილებით.

ქეთი, ვფიქრობ, რომ დღესაც ამ ვალდებულების ბედნიერი ტყვეა. მისი წინაპრების და დედ-მამის საპასუხოდ აგრძელებს ქუთაისის აწმყოში საზოგადოებრივ საქმეს. ეს გაქვს, ან არ გაქვს ადამიანს, ძალით ვერ მოიგონებ.

დაასრულა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის  მუსიკათმცოდნეობა - საკომპოზიციო ფაკულტეტი, მერე თელავში წავიდა პედაგოგად. ორი წლის მანძილზე იცხოვრა მამის ფუძეზე, დიდ, ქვის გალავნიან, ხის აივნებიან სახლში, თელავის შუაგულში რომ სუნთქვადა მამუკელაშვილების ბედნიერი ბავშვობის აჩრდილებით.. პირველმა აამღერა გრემის ტაძარში ქართლურ-კახური საგალობელი, ერთი სხვა რჯულის გოგო მართლმადიდებელად მოაქცია და მონათლა ამ გალობის მადლით.. ორი წლის მანძილზე ხუთი წლის გასაკეთებელი მოასწრო, შოპენის იუბილეც აჩუქათ და ქუთაისში დაბრუნდა, მის ნამდვილ ქალაქში.

- რატომ არ გყოფნიდა პედაგოგობა, რა არ გასვენებს, ქეთუ? - ვეკითხები

- არ ვიცი.. - მეუბნება, და მე ვიცი.. ესაა: შინაგანი როლი, რომელიც დაგყვა და უნდა შეასრულო რიგითზე მეტად! შინაგანი ხმა, რომელსაც უნდა უსმინო და ახმაურო, - ეს ამ ქალაქის ძლიერი ქალების ტრადიციაა! ქეთიც, თანამედროვეა მათ შორის!

პირველი, რაც დაიწყო, ნიკოლაძეების და ხელთუფლიშვილების, ცნობილი ქართველი მოღვაწეების "საკვირაო სკოლის“ წესი აღადგინა მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად - ხელოვნებაზე მეტი ხელოვნება და ესთეტიკაზე მეტი ესთეტიკა დაარიგა ცოდნად თაობებში.

მერე გადაცემა სთხოვა გეგი გრიგორაშვილმა - “შენზე უკეთ ვინ მოჰყვება მუსიკის ისტორიასო“ და უცებ "კლასტერი" დაიბადა - ლამაზი ჯიშის, კარგი მეტყველების და განათლების, სამი არაჩვეულებრივი ავტორით - ქეთი მამუკელაშვილი, მარინა გუბელაძე და ნინო დოღონაძე, -  კლასიკური მუსიკის სიყვარულზე  მოუთხრობდნენ ქალაქს..

მერე კულტურის კვლევის ცენტრის დაარსების პროექტი შექმნა - ინსპირაცია ქუთაისის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელობის კარამდე და ეს საფეხურიც საინტერესოდ გაიარა. ამ პერიოდის ამოწურვას დაამთხვია მნიშვნელოვანი მისია - რეჟისორი გიორგი სიხარულიძე მოეწვიათ მესხიშვილის თეატრში ბატონ ავთო ვარსიმაშვილის რჩევით.. და გიორგისთან ერთად დაიწყო მესხიშვილის თეატრში მისი თანამოაზრეობის და თანამშრომლობის დიდი ეტაპი - მცირე სცენის დაარსება, ლიტერატურული კაფე მისი ორსახა ინტერიერით და კონცეფციით. 

ქეთი გადაეფარა იმ დიდებულ მოზაიკას (რეაბილიტაციის დროს)  პირველი სართულის შესასვლელში, ქვის იატაკზე, რომელიც თეატრის პერანგზე ამობურცული ორნამენტების შინაარსობრივი გაგრძელება გახლავთ, აიეტის გამოსახულებებს და კვერთხებს კიბის უჯრედებში, მიზანდარის ხელდასმულ დეტალებს და გელათიდან წამოღებულ სამ ძირითად სამეტყველო ფერს - სპილოსძვლის, ბურგუნდიულის და მალაქიტის - სამფერა გამას თეატრის ინტერიერტის თავდაპირველ ფერწერაში.

ქეთიმ აღადგინა და მტვერი გადააცალა ელენე ახვლედიანის შედევრალურ ესკიზებს წარსულის ერთ-ერთი სპექტაკლის სცენოგრაფიისთვის. გააღვიძა თამარ ვახვახიშვილის და იონა ტუსკიას დროინდელი მივიწყებული პარტიტურები, რომლის საორკესტრო გაჟღერებაც ჯერ კიდევ ოცნებად რჩება.

თანამოაზრეებთან ერთად, იმუშავა კატალოგის მასალებზე, რომელიც მესხიშვილის თეატრის ისტორიას კიდევ ერთხელ გახდის უკვდავს და აღსაფრთოვანებელს.

დაბეჭდა და გამოსცა ეფრო კლდიაშვილის მონოგრაფია ახალი თავებით(ამბებით)  და ახალი სამოსით - ჩვენი თეატრის სამეტყველო ფერების დომინანტით, რითაც დავიწყეთ ეს ბლოგი. ამ წიგნის პრეზენტაციას უკავშირდება ეფროს და კოტე მესხის ლოჟის დაბადებაც მესხიშვილის თეატრის  ულამაზეს პარტერში.

ქეთი მამუკელაშვილის თაოსნობით, მის მეგობრებთან ერთად, უკვე  მერამდენე წელია, ქუთაისი მასპინძლობს მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა რეპუტაციულ, პროფესიონალებისგან ათასჯერ აღიარებულ საერთაშორისო კონკურსს, არაჩვეულებრივი ჟიურით, ლაურეატებით, მასტერკლასებით.. შეფასების უკომპრომისო თამასით!

არ ვიცი, ზემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი საქმით უფრო ამაყობს ქეთი, მაგრამ ეს ქალაქი ნამდვილად ამაყობს და დიდხანს იამაყებს ასეთი ქალებით, რომელიც საკუთარი ცოდნის და პატივისცემის  კვალს აჩენენ ყველაფერს, რასაც ეხებიან მოკრძალებით, აკადემიური ცოდნით და წინაპრისგან გადმოყოლილი თავდადებით.

და ქეთის ოცნება - მესხიშვილის თეატრის დიდი კატალოგი, მისი უსასრულოდ  საინტერესო ამბებით, ჯერ კიდევ ელოდება დღის სინათლეს..

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინი: ნიტა ხაჩიძე