ჭიათურაში მაღაროელებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მოთხოვნები ამ დრომდე არ იცვლება - დაპატიმრებული თანამებრძოლების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და შრომის ადამიანური პირობები.

"ამ საპროტესტო აქციას ჰყავს 4 უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანი და ასევე 2000 ადამიანი, რომელიც კომპანიამ გაათავისუფლა. ჩვენ ჭიათურელი, მშრომელი ხალხი არ ვეგუებით უსამართლობას. სიჩუმე არ არის გამოსავალი,  ეს უფრო დიდი უბედურების დასაწყისია, ამოიღეთ ხმა", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ჭიათურელი მაღაროელები – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე 2025 წლის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამარ მაზანაშვილის გადაწყვეტილებით, მერაბ სარალიძეს - 6 წელი და 3 თვე, გიორგი ნეფარიძეს - 6 წელი და 3 თვე, თენგიზ გველესიანს - 4 წელი და 3 თვე, არჩილ ჭუმბურიძეს - 4 წელი და 3 თვე 20 იანვარს მიესაჯათ.