საქართველოში დასასვენებლად ჩამოსული 23 წლის ლიეტუველი ტურისტი კლინიკაში გარდაიცვალა.
ლიეტუვური მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
კრისტუპას სტანისი საქართველოში დედასთან ერთად 14 მაისს ჩამოვიდა და მოგზაურობის მეორე დღესვე მოულოდნელად შეუძლოდ გახდა.
კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მას ორმხრივი მწვავე პნევმონია და ორგანიზმის უმძიმესი ინტოქსიკაცია დაუდგინდა, რის გამოც ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს. რა გახდა გამომწვევი მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.
დედის თქმით, ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ექიმებმა მის შვილს ანალიზები და ულტრაბგერითი კვლევა ჩაუტარეს, გარკვეული ცვლილებები შეამჩნიეს და კუჭი ამოურეცხეს, თუმცა ბიჭის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
"ექიმების ვერსიით, შესაძლოა, მას რომელიღაც უცნობი ვირუსი შეეყარა. გვითხრეს, რომ ორგანიზმი უმძიმესად იყო ინტოქსირებული, მისი მდგომარეობა სწრაფად უარესდებოდა, ჩემი შვილი დამოუკიდებლად ვეღარ სუნთქავდა, რის გამოც მედიკოსებმა ის ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს", - ამბობს ბიჭის დედა.
მისივე თქმით, ივნისის შუა რიცხვებში 23 წლის ახალგაზრდა ექიმებმა ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს, თუმცა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ბიჭი სრულად პარალიზებული იყო და არც საუბარი შეეძლო.
დედის თქმით, ამ პერიოდში მისი შვილის ორგანიზმში სეფსისი განვითარდა და ინფექცია ფილტვებიდან სხვა ორგანოებზე გადავიდა.
როგორც მედია წერს, გარდაცვალებამდე ბიჭის ოჯახმა მკურნალობისა და სამშობლოში რეანიმაციული თვითმფრინავით ტრანსპორტირებისთვის თანხის შეგროვება დაიწყო.
ლიეტუვის საელჩო ამჟამად პროცედურების მოგვარებაზე მუშაობს, რათა ცხედრის სამშობლოში გადასვენება მალე მოხდეს.