ქუთაისში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 3 366 ფაქტი გამოვლინდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის მონიტორინგის დაწყებიდან 3 წლის განმავლობაში, ქუთაისში დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 3 366 სამართალდარღვევა დაფიქსირდა. ამ მაჩვენებლით ქუთაისი ქვეყნის ოთხ მსხვილ ქალაქს შორის მესამე ადგილზეა - თბილისისა (11 273) და ბათუმის (3 627) შემდეგ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ოთხ მსხვილ ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი) გზებზე მოძრავი ტრანსპორტის გამონაბოლქვის კონტროლი 2023 წლის 4 სექტემბერს დაიწყო.
მონიტორინგის დაწყებიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით სულ 20 727 ჯარიმა დაიწერა.სტატისტიკური მონაცემები:ქალაქების მიხედვით: თბილისი — 11 273; ბათუმი — 3 627; ქუთაისი — 3 366; რუსთავი — 2 461. სუბიექტების მიხედვით: დარღვევების 18 032 შემთხვევა ფიზიკური პირების, ხოლო 2 695 — იურიდიული პირების მიერ იყო ჩადენილი. ტრანსპორტის ტიპების მიხედვით: 12 109 შემთხვევა მსუბუქ ავტომობილებზე მოდის, 7 905 — მიკროავტობუსებზე, 694 — სატვირთოებზე, 18 — ავტობუსებზე, ხოლო 1 — ექსკავატორზე.
უწყების ცნობით, წლების მიხედვით გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა მზარდია: 2024 წელს დაფიქსირდა 5 562 ფაქტი, 2025 წელს — 6 016, ხოლო 2026 წლის 8 თვეში — 6 105 სამართალდარღვევა (მათ შორის 743 ფაქტი მხოლოდ აგვისტოში). გამოვლენილი დარღვევების მატება დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებამ, ეკიპაჟების ზრდამ, ჰიბრიდული ავტომობილებისა და თანამედროვე გამზომი ხელსაწყოების შეძენამ განაპირობა.
გარდა ამისა, პროცესის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დეპარტამენტში გამონაბოლქვის კონტროლის სამსახური ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა.