საქართველოში საწვავი გაძვირებას განაგრძობს. დღეს, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ფასები ზრდის მიმართულებით დაკორექტირდა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის საწვავი 2-დან 14 თეთრამდეა გაძვირებული.
ივნისის დასაწყისიდან საქართველოში მოქმედ გასამართ სადგურებზე საწვავი ივლისის დასაწყისამდე იაფდებოდა, რაც აღნიშნული პერიოდისთვის აშშ-ირანის ურთიერთობების ნორმალიზებით და შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის დასტაბილურებით იყო განპირობებული. თუმცა ივლისის მეორე ნახევარში ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი კვლავ ძვირდება და ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა ფასების კორექტირება ზრდის მიმართულებით ივლისის დასაწყისში დაიწყეს.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში სექტემბერში საწვავის მოხმარების ზრდასა და კიდევ უფრო გაძვირებას პროგნოზირებენ.