ქუთაისში, მაისურაძის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობის გამო ფეკალური მასები ამოდის.
ადგილობრივი მცხოვრებლებისა და მშობლების ინფორმაციით, დაზიანება ბაღის ეზოში ანტისანიტარიას და მძიმე სუნს იწვევს, რაც საფრთხეს უქმნის სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობას.
როგორც მოქალაქეები აღნიშნავენ, აღნიშნული პრობლემა დიდი ხანია, დგას, თუმცა ამ დრომდე მისი საბოლოო მოგვარება ვერ მოხერხდა. ისინი დახმარებისთვის ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ბაგა-ბაღების გაერთიანებას მიმართავენ.
მშობლები მოითხოვენ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა დროულად მოახდინონ რეაგირება, შეისწავლონ დაზიანების მიზეზი და მოახდინონ საკანალიზაციო ქსელის სრული რეაბილიტაცია, რათა აღდგეს უსაფრთხო სანიტარიული გარემო.