ქუთაისში, მრავალსართულიან კორპუსებში, მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა. ადგილობრივების განმარტებით, სადარბაზოები რამდენიმე ათეული წელია, არ შეკეთებულა.

მოსახლეობის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კორპუსები კერძო საკუთრებად ითვლება, ადგილობრივი ხელისუფლების ჩარევა აუცილებელია, რადგან უმრავლესობას არ აქვს იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ საკუთარი ბინების მიღმა, სადარბაზოების მოწესრიგებაზეც იზრუნოს.

"თუ ეს მერიას არ ეხება, მაშინ აბა რა ეხება? მითხარით, რა შედის მათ მოვალეობაში, რომ ის მოვთხოვოთ! გადათხრილი ორმოების შევსება-მოგვარება ეხებათ? თუ კი, მაშინ რატომ არის ქალაქში ამდენი ორმო? კორპუსების ფასადების მოწესრიგება ეხებათ? მაშინ რატომ არის ტროტუარზე მოძრაობა საშიში და რატომ უნდა ვშიშობდეთ, რომ თავზე სამშენებლო მასალა არ დაგვეცეს? ნაგვის გატანა ეხებათ?! მაშინ რატომ არის ურნები ნარჩენებით გადავსებული?! დიახაც, ეს ყველაფერი მათ ეხებათ და კეთილი ინებონ, შეაკეთონ სადარბაზოებიც!“ - ამბობს ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრები ლეილა დოლიძე.