დღეს, იულიუსის კალენდრის შესწორებული (ე. წ. ახალი) სტილით 29 ივნისს, რომის კათოლიკე ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს დიდ დღესასწაულს. რომის ეკლესია თავის დამაარსებლად მიიჩნევს წმიდა პეტრე მოციქულს, რასაც მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციაც ეთანხმება.
რომის კათოლიკე ეკლესიისა და საქართველოს ურთიერთობა მრავალი საუკუნის ისტორიას მოიცავს, რაც სათანადო საისტორიო წყაროებითა და მდიდარი ეპისტოლარული მემკვიდრეობითაა დადასტურებული.
მას შემდგომ, რაც 1918 წელს საქართველო გათავისუფლდა კოლონიზატორი რუსეთისაგან და აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, 1919 წლის მიწურულს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია რომის პაპ ბენედიქტე მეთხუთმეტის (მისი პონტიფიკატი: 1914-1922 წ. წ.) ლეგატი, მღვდელი ანტონ დელფიუშე.
1919 წლის 6 დეკემბერს, შაბათ დღეს, რომის პაპის ლეგატი ესტუმრა ქუთაისს. ლეგატი დილის 7 საათზე ჩამოვიდა ქუთაისში. ქუთაისელები პაპის ლეგატს შეხვდნენ ქუთაისის იმჟამინდელი კათოლიკური ეკლესიის ეზოში, რომლის ბაღი ამ დღისათვის საგანგებოდ მოურთავთ. პაპის ლეგატმა შეასრულა წირვა, რომლის შემდგომ წარმოთქვა სიტყვა, რასაც თარგმნიდა ქუთაისის მაშინდელი კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი დონ დამიანე სააკაშვილი. კათოლიკეებმა პაპის წარმომადგენელს გაუმართეს სადილი, რომელზეც ასევე მიწვეულნი იყვნენ: ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა) 1924 წელს საბჭოთა რეჟიმის მიერ დახრეტილი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმიდანად კანონიზირებული), ქუთაისის ქალაქის თავი დიომიდე თოფურიძე (1937 წელს საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი) და სხვა მაღალი რანგის პირები.
რომის პაპის ლეგატმა ა. დელფიუშემ აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ქუთაისში დაყო თითქმის ოთხი დღე. ორშაბათ დღეს ის ესტუმრა გელათის მონასტერს, სადაც არქეოლოგიურ საკითხებში მეცნიერული ცოდნა გამოუჩენია. გაიმართა ვახშამი ქუთათელ მიტროპოლიტ, წმიდა ახალმოწამე ნაზარისა და სხვების მონაწილეობით. ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში პაპმა დაათვალიერა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.
ქუთაისში გამომავალმა გაზეთმა „ჩვენმა საქართველომ“ ისარგებლა შემთხვევით და ინტერვიუ აიღო რომის პაპ ბენედიქტე მეთხუთმეტის ქუთაისში სტუმრად მყოფ ლეგატისაგან, მღვდელ ანტონ დელფიუშესაგან. ჟურნალისტ ს. გოზალიშვილის მიერ დასმულ კითხვაზე „რა შეხედულების არის ევროპა საქართველოზე“, პაპის ლეგატმა განაცხადა: „ევროპა დიდის სიმპატიით უცქერის ახალ რესპუბლიკებს ამიერკავკასიაში დაარსებულებს, განსაკუთრებით საქართველოს. საფრანგეთი გაკვირვებაშია, რომ ამ მოკლე ხნის განმავლობაში, საქართველომ ყველა დარგში მოაგვარა დემოკრატიული რესპუბლიკა. თვით იტალიელები ამავე აზრის არიან. იგი /იტალია/ მომხრეა აღიაროს /საქართველოს/ დამოუკიდებლობა და დაადასტუროს დამოუკიდებლობის აქტი, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა უძნელდება და ვერ გაუბედია, ვინაიდგან მოკავშირეებთან ერთგვარი დამოკიდებულება აქვს.
საფრანგეთის გაზეთები უფრო გულღიათ გამოთქვამენ საქართველოსადმი სიმპატიას. ჩემის აზრით, პირველი დამადასტურებელი საქართველოს დამოუკიდებლობის იქნება საფრანგეთი“, - აღნიშნა პაპის ლეგატმა, რომელმაც ასევე დასძინა რომის პაპ ბენედიქტე მეთხუთმეტის დამოკიდებულების შესახებ საქართველოსადმი და განაცხადა: „პაპი ყურადღებით ეპყრობა საქართველოს და მე გამომგზავნა, რათა დაახლოებით გამეცნო საქართველო, მისი მთავრობა. პირადათ მე დიდი კმაყოფილი დავრჩი და ყველაფერს მოვახსენებ მის უწმიდესობას. იმედი მაქვს, რომ პაპი დიდ გავლენას იქონიებს ევროპის სახელმწიფოებთან, ხოლო მე პირადათ პატიოსან სიტყვას ვიძლევი, რომ გავაცნობ საქართველოს იტალიას და ჩემს სამშობლოს, საფრანგეთს. ამასთანავე, ვეცდები, გავლენა ვიქონიო საქართველოს დამოუკიდებლად აღიარებაში“, - აღნიშნა რომის პაპის წარმომადგენელმა.
პაპის ლეგატმა ქუთაისურ პრესასთან მიცემულ ინტერვიუში ასევე ისაუბრა ქართველ ინტელიგენციაზე, ქართულ საგანმანათლებლო სისტემასა და მეცნიერებაზე და განაცხადა: „ჩემის აზრით, ქართველი ინტელიგენცია არ ჩამოუვარდება ევროპიელებს. განათლება უკვე განვითარებულია და დაწინაურება ქართველი ერის ყოველნაირ მეცნიერებაში აღსანიშნავია. ამ მხრივ ქართველები უფრო ევროპიელები არიან, ვიდრე აზიელები“, - აღნიშნა პაპის წარმომადგენელმა.
რომის პაპის ლეგატმა, ა. დელფიუშემ ასევე ისაუბრა ქართველი მართლმადიდებლების შესახებ და აღნიშნა: „მართლმადიდებლებში შევნიშნე, რომ ისინი ფანატიკოსები არ არიან... და ქართველები უფრო უახლოვდება ევროპის განვითარებას და წინსვლას, ვიდრე სხვა ერები. /ქართველი/ მღვდელმთავრები და სამღვდელოება დიდის კრძალვით იხსენიებს რომის პაპს...“, - განაცხადა პაპის წარმომადგენელმა ქუთაისურ პრესასთან ინტერვიუში და სხვა არაერთი ზოგადი შეფასებაც გააკეთა საქართველოს შესახებ, თავისი აღფრთოვანებაც გამოხატა ქართული სტუმართმოყვარეობისა და პირადაპირობისადმი და ამ მხრივ ერთგვარი პარალელი გაავლო ქართველებსა და ფრანგებს შორის.
რომის პაპ ბენედიქტე მეთხუთმეტის ლეგატმა, მღვდელმა ანტონ დელფიუშემ, სამშაბათ დღეს, დღის 15 საათისთვის დატოვა ქუთაისი, საიდანაც დიდძალმა საზოგადოებამ გააცილა.
1920 წლის 6 თებერვალს გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა პაპის ლეგატ ა. დელფიუშეს წერილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასადმი. აღნიშნულ წერილში რომის პაპის ლეგატი წერდა: „ვტოვებ რა ისეთ სტუმართმოყვარე ქვეყანას, როგორიც არის საქართველო... მე ვალდებულათ ვრაცხ თავს, გადაგიხადოთ გულწრფელი მადლობა ჩემი დახვედრისათვის მე მოვიარე თქვენი მშვენიერი ქვეყანა და გავკვირდი მისი მრავალფეროვან სილამაზით და სიმდიდრით. ხალხი ყველგან მხვდებოდა პატივისცემით და მე ვიგრძენ თუ თქვენი ხალხი რა მაღალ პატრიოტიზმით არის განმსჭვალული... წმინდა მამა /რომის პაპი/ ყოველთვის საქართველოზე დიდი სიმპატიით იქნება განწყობილი... გრწამდეთ ჩემი თქვენდამი უღრმესი პატივისცემისა“, - ამ შეფასებებით დატოვა რომის პაპის ლეგატმა საქართველო.
ავტორი: ისტორიის დოქტორი, პროფესორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე