პროვოკაცია იყო ვერბალურიც და ფიზიკურიც მათი მხრიდან, ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით, რა სიძლიერით - ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ პროვოკაცია მოდიოდა გიორგი გახარიას პარტიის წევრებისგან, - ასე უპასუხა ცოტნე ივანიშვილმა შეკითხვას პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
"კადრები თუ ნახეთ, ნახავდით, რომ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფები იყო მიყენებული, სიტყვების გარჩევას ხომ არ დავიწყებთ?! კადრებშიც გამოჩნდა არაერთი შეურაცხყოფა და ნათლად გამოჩნდა, რომ ვერბალურიც იყო. როგორც უკვე ვთქვი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან უშნო საყურებელი იყო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო იყო და ძალიან ცუდია ეს ყველაფერი საქართველოსთვის.
სხვათა შორის, თუ გადახედავთ, ძალიან ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანაშიც, იაპონიაშიც, კორეაშიც, ა.შ. - საკმაოდ ხშირია ასეთი სახის კონფლიქტები, რაც აგრეთვე ძალიან უშნოა, რა თქმა უნდა.
ცოტა სასაცილოა გამოძიებასთან დაკავშირებით ამდენად ყურადღების გამახვილება, იმ ფონზე, რომ, როგორც გითხარით, სამწუხაროდ, ასეთი რაღაცები ძალიან ხშირი არის", - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.