ალიანსი სამი თვის წინ შეიქმნა, ხოლო უკვე ოთხი თვეა, გაუგებარი დისკუსია მიმდინარეობს - შევიდეთ, გამოვიდეთ თუ საერთოდ რა ვქნათ. ეს იმიტომ გვჭირს, რომ არავინ ვიცით, რას ვაკეთებთ, - ამის შესახებ ციხიდან გავრცელებულ წერილში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წერს.
"ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას თუ გამოსვლას ეხება:
მნიშვნელობა არ აქვს, „შევალთ“ თუ „გამოვალთ“. მნიშვნელობა აქვს იმას, რა დღის წესრიგს ვქმნით. მთავარია, რას ვაკეთებთ, ვქმნით თუ არა დღის წესრიგს და ვუტევთ თუ არა ივანიშვილს. თუ დღის წესრიგს შევქმნით, მერე სხვები თავად გადაწყვეტენ, არიან თუ არა ამ საქმეში.
ჩემთვის საერთოდ გაუგებარია ეს „შედი-გადი“ ამბავი. თუ სადმე მივდივართ და ვმოძრაობთ, სხვებმა თავად გადაწყვიტონ, გამოგვყვებიან თუ არა. „შედი-გადი“ ნიშნავს ადგილზე ბუქსაობას, დროისა და ენერგიის ფუჭად ხარჯვას.
შევუდგეთ საქმეს, შევქმნათ დღის წესრიგი და ეს უაზრო დისკუსიაც დასრულდება.
ბავშვურად გამოიყურება, რომ ალიანსი სამი თვის წინ შეიქმნა, ხოლო უკვე ოთხი თვეა, გაუგებარი დისკუსია მიმდინარეობს - შევიდეთ, გამოვიდეთ თუ საერთოდ რა ვქნათ. ეს იმიტომ გვჭირს, რომ არავინ ვიცით, რას ვაკეთებთ.
აბა, საქმეს მივხედოთ და თუ ამის შემდეგაც დადგება ეს საკითხი, მაშინ ვიმსჯელოთ. ამიტომაც მნიშვნელოვანია დღის წესრიგის შექმნა, შეტევა და მოქმედება. მერე ნახავთ, როგორი ალიანსი ჩამოყალიბდება გარშემო - უფრო ფართო, ძლიერი და ქმედითი.
ვისაც ჭაობში დარჩენა უნდა, ის თავად გაემიჯნება საქმეს და გააგრძელებს „ყიყინს“… რეალურად, დრო ცოტა გვაქვს და მასაც გამოგონილ დილემებზე ვკარგავთ. საქმეს მივხედოთ. საქმეს.
თქვენი მოსამსახურე პატიმარი ლევან ხაბეიშვილი", - აღნიშნულია წერილში.