პირველადი შეფასებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ამ ეტაპზე სრულად დანგრეულია 10 საცხოვრებელი სახლი, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნებათ, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული.

მისივე ცნობით, სოფელში სააგენტოს გეოლოგების მიერ, შეფასებულია 25 ოჯახი და 2 გზის მონაკვეთი, აქედან 5 ოჯახი გასახლებულია.

"ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, 2026 წლის 12 მარტს, მდ. წყალწითელას მარცხენა ფერდობზე მეწყრული სხეული განვითარდა.

მეწყერმა დაახლოებით 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, რის შედეგადაც 40-მდე ადგილობრივი მცხოვრების საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა.

ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჩართულობით, ოპერატიულად განხორციელდა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა.

ფორსმაჟორულ ვითარებაში მიმდინარეობს თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის შეფასება, რის საფუძველზეც შესაბამის უწყებებს ოპერატიულად მიეწოდებათ გეოლოგიური დასკვნები.

პირველადი შეფასებით, ამ ეტაპზე სრულად დანგრეულია 10 საცხოვრებელი სახლი, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნებათ.

მეწყერმა ასევე დააზიანა ქუთაისი (მოწამეთა) - ტყიბული - ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი და სოფლის სასაფლაო.

ბოლო წლების განმავლობაში სოფელ კურსებში სააგენტოს გეოლოგების მიერ, შეფასებულია 25 ოჯახი და 2 გზის მონაკვეთი, აქედან 5 ოჯახი გასახლებულია.

სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.