ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოწამეთაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რუსული სიმღერის გამო დაიწყო.

როგორც ირკვევა, დაცვის პოლიციის თანამშრომლებს რესტორანში მიხეილ შუფუტინსკის სიმღერის ჩართვა სურდათ. კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა სხვა მაგიდასთან მსხდომ კოლეგებს შენიშვნა მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. რესტორან "იბერიაში“ აცხადებენ, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შორის დაწყებული კამათი ეზოში ფიზიკურ ჩხუბში გადაიზარდა.

პროკურატურამ საქმეზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე პოლიციელები დაკავებულები არ არიან.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2026 წლის 19 იანვარს, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა და მისმა თანმხლებმა ორმა პირმა განახორციელეს ჯგუფური ძალადობა და ურთიერთშელაპარაკებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორანში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს და მათ თანმხლებ პირს.

საქმეზე დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი და გამოიკითხნენ თვითმხილველი პირები. ასევე ამოღებულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ნივთიერი მტკიცებულებები, გამოთხოვილია ვიდეოჩანაწერები და დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზები.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, აცხადებენ პროკურატურაში.