ქუთაისში გრძელდება სასამართლო დავა, რომელშიც ბიზნესმენი თემურ კოხოძე რამდენიმე პირს პატივისა და ღირსების შელახვას ედავება. არსებული ინფორმაციით, მოსარჩელე თითოეული მოპასუხისგან 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვს.
დავის ერთ-ერთი მოპასუხის, ვალიკო მესხიას, შვილმა, ვეხო მესხიამ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში სარჩელის თანხასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "10 ათასი ლარი ღირს თემურ კოხოძის ღირსება“.
"ინფო იმერეთი“ აღნიშნულ საკითხზე მეორე მხარის პოზიციით დაინტერესდა და კომენტარი საირმის იურისტს სთხოვა.
"სარჩელის შესაგებელში მოპასუხე მხარემ განაცხადა, რომ ბრალდებას, რომელიც მათ თემურ კოხოძის წინააღმდეგ გააჟღერეს, თავად არ ეთანხმებიან და ამის მტკიცებულება არ აქვთ. ერთ-ერთი მოპასუხე აცხადებს, რომ მას არ გაუკეთებია მსგავსი განცხადებები და ეს მედიის ინტერპრეტაციაა, მეორე კი ამბობს, რომ არაფერს ამტკიცებს და მედიასთან ინტერვიუში მხოლოდ გაგონილს ჰყვება.
ჩვენ შევთავაზეთ, რომ ყოველგვარი ფინანსური ჯარიმის გარეშე, უბრალოდ, საჯაროდ დაეფიქსირებინათ ის, რასაც სასამართლოში აცხადებენ და დავა მორიგებით დასრულდებოდა, თუმცა ისინი მორიგებაზე უარს ამბობენ და საჯარო სივრცეში მანიპულაციას ამჯობინებენ. ამის მიუხედავად, ჩვენი შეთავაზება მორიგებაზე დღესაც ძალაშია.
რაც შეეხება თანხას, ყველას კარგად ესმის, რომ საქმე ფულში არაა, ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ეს თანხა სრულად საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. ჩვენი მიზანია, ყველამ გაიგოს, რომ ცრუ ბრალდებები და რეპუტაციული ზიანის მიყენების მცდელობები რეაგირების გარეშე არ დარჩება. ამ სარჩელის მიზანია, შემოიფარგლოს ის ეთიკური ჩარჩოები, რომელშიც მხარეებს შორის ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ მივესალმებით და მზად ვართ ნებისმიერი დისკუსიისა და ოპონირებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის წარიმართოს ჯანსაღ პირობებში, სიცრუისა და შეურაცხყოფის გარეშე. თუ მოწინააღმდეგე მხარე ამას თავისით ვერ ხვდება, ამის გათავისება სასამართლოს გზით მოუწევს“,- განაცხადა საირმის იურისტმა ვანო კალმახელიძემ.
მისივე თქმით, მსგავსი ვიდეოებისა და განცხადებების შინაარსზე საჯარო დისკუსიაში შესვლას არ აპირებენ და რეაგირება მხოლოდ სამართლებრივი გზით მოხდება.
საქმის განხილვა ქუთაისის სასამართლოში გრძელდება.