ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთ აუტსაიდერს, „თელავს“ უმასპინძლა და კაცნაკლული მეტოქის დამარცხება ვერ შეძლო – 1:1.

შეხვედრაში, რომელიც „რამაზ შენგელია არენაზე“ გაიმართა, სტუმრები 31-ე წუთზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – მთავარმა არბიტრმა „თელავის“ ნახევარმცველი მიხეილ ბაშალეიშვილი მეტოქესთან უხეშობისთვის მოედნიდან გააძევა.

ქუთაისელებმა რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლეს. მართალია, 51-ე წუთზე „ტორპედოს“ სერბმა თავდამსხმელმა, კომნენ ანდრიჩმა ანგარიში გახსნა, მაგრამ „თელავის“ მცველმა ტატო ჟივიძემ 66-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა და გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.

21 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედო“ (32 ქულა) მე-5 პოზიციაზე დარჩა, ხოლო „თელავი“ (17 ქულა) უცვლელად მე-9 ადგილს ინარჩუნებს.