დღეს საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა საკუთარი ფიზიკური უსაფრთხოების რისკის ფასი ჯდება. ამ ძალადობას ხელს უწყობს ის დაუსჯელობის სინდრომი, რომლითაც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში სარგებლობენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია წერს.

"ჩვენ პარლამენტში შევედით იმისთვის, რომ მოქალაქეები - მათ შორის ისინი, ვინც "ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, არ დაგვეტოვებინა მარტო საკუთარი საჭიროებებისა და პრობლემების წინაშე და გამოგვეყენებინა ყველა საპარლამენტო ინსტრუმენტი მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და განსხვავებული ხმების გასაჟღერებლად. ჩვენ ამ მისიისთვის არასდროს გადაგვიხვევია.

"ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ ოპოზიციას კოორდინირებული ფიზიკური ძალადობით უპასუხა. ჩვენს კოლეგას, გიგა ფარულავას, სამედიცინო დახმარება დასჭირდა. დღეს საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა საკუთარი ფიზიკური უსაფრთხოების რისკის ფასი ჯდება. ამ ძალადობას ხელს უწყობს ის დაუსჯელობის სინდრომი, რომლითაც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში სარგებლობენ", - წერს გიორგი გახარია.

გუშინ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასკვნითი სხდომა ჩხუბით დაიხურა. "ქართული ოცნების" დეპუტატები პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.