ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.
ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი შემოსავლის მიღება.
პროკურატურის ინფორმაციით, "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც 2019-2024 წლებში იკავებდა რა საქართველოს თავდაცვის მინისტრის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს, წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირს, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესიდან გამომდინარე, ეკრძალებოდა ნებისმიერი ტიპის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა და თანამდებობრივი სარგოს გარდა, სხვა ანაზღაურების მიღება. მიუხედავად აღნიშნულისა, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს. მას, როგორც თანამდებობის პირს, გააჩნდა როგორც შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების დეკლარირების ვალდებულება".
მთავარი პროკურორის განცხადებით,"ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ".
"პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულისთვის აღკვეთის სახით გირაოს - ერთი მილიონის ლარის შეფარდების შესახებ, რომლის უზრუნველყოფა შესაძლებელია როგორც ფულადი თანხით, ასევე უძრავი ქონების სახით. პროკურატურამ ასევე მოითხოვა პასპორტის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა", - განაცხადეს პროკურატურაში.