ქუთაისში ბირთვული მასალის უკანონო შეძენის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

სუსის ინფორმაციით, ოპერატიული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, სამართალდამცველებმა ქუთაისში დააკავეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, რომლებიც ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენას ცდილობდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები გეგმავდნენ ბირთვული მასალა ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ-137-ის შეძენას 3 მილიონ აშშ დოლარად და მის უკანონო ტრანსპორტირებას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.

როგორც ირკვევა, დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ისინი ბოლო კვირების განმავლობაში პერმანენტულად ჩამოდიოდნენ საქართველოში და აქტიურად მუშაობდნენ ბირთვული მასალისა და რადიოაქტიური ნივთიერების შეძენა/ტრანსპორტირებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე.