ქუთაისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, პოლიციელების ცემის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ღამით ავტოქარხნის დასახლებაში, ერთ-ერთ კლინიკაში ნარკოტესტისთვის მოქალაქეები შეიყვანეს, მათ მიერ ნარკოტესტზე უარის თქმას კი დაპირისპირება ჯერ სამედიცინო პერსონალთან, შემდეგ კი პოლიციელებთან მოჰყვა.

“ამერიკულ ფილმში მეგონა თავი, თუ სადმე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და კრიმინალური პოლიციაა, ყველა ადგილზე იყო, სამართალდამცველებსაც ურტყამდნენ, შემდეგ კი ღამით, ვინც კი მორიგე პოლიციელი იყო, ყველა რომ მოვიდა, მათი დაკავება მოახერხეს”, – განუცხადა “ინფო იმერეთს” ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

“ინფო იმერეთს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება ორი – 126-ე და 353-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობას და პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.