ბიუჯეტიდან 4.1 მილიონი ლარის მითვისების საქმეზე გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს ბიჭიკო პაიკიძეს და ხუთ დაკავებულ პირს ბრალდება ოფიციალურად წარედგინა.

როგორც სუსის შენობის დატოვების შემდეგ პაიკიძის ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღნიშნულ საქმეზე გამოკითხულიც კი არ არის.

“ბიჭიკო პაიკიძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება. მას ედავებიან გარკვეული თანხების მითვისებას, მასალა მოცულობითია, დაახლოებით, 21 ტომია. ბიჭიკო პაიკიძე საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებაა, მისი უშუალო ჩართულობით ხდებოდა შოვის ტრაგედიის სალიკვიდაციო სამუშაოების, ყველა ტრაგედია, სტიქია, რაც საქართველოში ხდებოდა, სალიკვიდაციო სამუშაოებს ის ატარებდა, ის ყველაფერს მისი ქვეყნის სასარგებლოდ აკეთებდა.

ბატონი პაიკიძე არავის მხრიდან გაფრთხილებული არ ყოფილა, მის მიერ საქართველოს დატოვება მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება, საგამოძიებო ორგანოსთვის ცნობილია, რომ მას ძალიან ხშირად უფიქსირდებოდა საზღვრის კვეთა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდებოდა. მას არაერთი ქირურგიული ჩარევა აქვს გაკეთებული. ახლა სად იმყოფება, ჩემთვის ცნობილი არ არის, რომც ვიცოდე, ვერც მოგახსენებთ.

დავინტერესდი ექსპერტიზის დასკვნით, შესრულებული სამუშაოებია შეფასებული და ის მარტივი ფორმულით არის დაანგარიშებული. დაცვასაც ექნება შესაძლებლობა დამატებით ჩაატაროს ექსპერტიზები.

ბატონი პაიკიძე ამ საქმეზე გამოკითხული არ არის. ბატონი პაიკიძე ახლა სად იმყოფება ჩემთვის ცნობილი არ არის, თუმცა რომც ვიცოდე, მე არ მაქვს უფლება, რომ ეს ვთქვა. ბატონმა პაიკიძემ ქვეყანა თურქეთის მიმართულებით დატოვა, რადგან ის იმყოფებოდა სამკურნალოდ”, – განაცხადა ჭკადუამ.

საქმე ეხება  2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლებას.