როგორ აისახება ხანგრძლივი არასტაბილურობა ქალების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ოჯახურ ურთიერთობებსა და უსაფრთხოებაზე? ამ საკითხებს ეხება ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი მონიტორინგის ანგარიში - „უხილავი ტვირთი: განგრძობითი არასტაბილურობის გავლენა ქალების ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე, ოჯახურ ურთიერთობებსა და ძალადობის რისკებზე“.

ანგარიში ეფუძნება 2026 წლის ივნის-ივლისში დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ჩატარებულ კვლევას. რაოდენობრივ გამოკითხვაში მონაწილეობდა 533 რესპონდენტი — 456 ქალი და 77 კაცი. კვლევის ფარგლებში ასევე ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები და ფოკუს-ჯგუფური დისკუსიები.

კვლევამ მოიცვა ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ვანი, თერჯოლა, ზუგდიდი, წალენჯიხა, სენაკი, ხობი და ჩოხატაური. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დევნილთა, კონფლიქტით დაზარალებული და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალების გამოცდილებას.

გაურკვევლობა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68.3% აღნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით მომავლის მიმართ შიში და გაურკვევლობა გაუძლიერდა. ახალგაზრდებში, 18–29 წლის ასაკობრივ ჯგუფში, ეს მაჩვენებელი 83.5%-ს აღწევს. ამასთან, რესპონდენტთა 39.8% საკუთარ ამჟამინდელ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დაძაბულად ან ძალიან დაძაბულად აფასებს.

ემოციურ დაძაბულობას ეკონომიკური სირთულეებიც ემატება. გამოკითხულები ყველაზე ხშირად ასახელებენ ფასების ზრდას — 76.5%, არასაკმარის შემოსავალს — 68.1%, სესხებსა და ფინანსურ ვალდებულებებს — 49.9%, ასევე უმუშევრობას — 37.7%.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ქალებისთვის ეკონომიკური დამოკიდებულება განსაკუთრებით მძიმე ბარიერად იქცევა ძალადობრივ ურთიერთობაში: ის ზღუდავს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებისა და ძალადობრივი გარემოს დატოვების შესაძლებლობას.

ძალადობის რისკები და დუმილის მიზეზები

გამოკითხულთა 94.4% ხანგრძლივ სტრესსა და არასტაბილურობას ოჯახში ძალადობის რისკის ზრდას უკავშირებს. რესპონდენტები მნიშვნელოვან რისკფაქტორებად ასახელებენ მუდმივ დაძაბულობას, ფინანსურ სირთულეებსა და უმუშევრობას. თვისებრივ ინტერვიუებში კი გამოიკვეთა გენდერული უთანასწორობისა და ოჯახში ძალაუფლების არათანაბარი განაწილების საკითხებიც.

კვლევა ძალადობის შესახებ დუმილის მიზეზებსაც ეხება. რესპონდენტთა 79.2%-ის შეფასებით, ქალები მათ მიმართ ოჯახში განხორციელებულ ძალადობაზე ხშირად ან ძალიან ხშირად დუმან. გამხელის და დახმარების ძიების ბარიერებს შორის ყველაზე ხშირად სახელდება საზოგადოებრივი განსჯის შიში, ოჯახის წევრების მხარდაჭერის ნაკლებობა და მოძალადის შიში.

ეს მაჩვენებლები რესპონდენტთა შეფასებებს ასახავს და მიუთითებს, რამდენად მწვავედ აღიქმება ძალადობისა და მისი გაუხმაურებლობის პრობლემა გამოკითხულთა შორის.

დახმარების თხოვნიდან რეალურ მხარდაჭერამდე

ანგარიშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ ძალადობის გამხელა ქალისთვის საჭირო დახმარების მიღებას ავტომატურად არ ნიშნავს.

ადგილებზე ფსიქოლოგიური მომსახურებისა და კვალიფიციური სპეციალისტების სიმწირე, მომსახურების მაღალი ღირებულება და ტერიტორიული სიშორე დროულ მხარდაჭერას ართულებს. დამატებით დაბრკოლებებს ქმნის საცხოვრისის პრობლემა, ბავშვზე ზრუნვის სერვისების ნაკლებობა და დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობები.

კვლევა პოზიტიურ ცვლილებებსაც ასახავს: თვისებრივი კვლევის მონაწილეთა შეფასებით, ქალები ძალადობაზე უფრო ღიად საუბრობენ, იზრდება ძალადობის სხვადასხვა ფორმის შესახებ ინფორმირებულობა, ახალგაზრდა ქალებში კი დახმარების ძიების მეტი მზაობა შეინიშნება.

რა ნაბიჯებს ითვალისწინებს რეკომენდაციები?

ქალთა ფონდი „სოხუმის“ რეკომენდაციები მოიცავს ადგილობრივ დონეზე ფსიქოლოგიური დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ქალთა დასაქმებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობას, ბავშვზე ზრუნვის სერვისების გაფართოებას და ძალადობის რისკების ადრეულ გამოვლენას.

ანგარიშში ხაზგასმულია გრძელვადიანი, კოორდინირებული მხარდაჭერის საჭიროება, რომელიც ქალისა და მისი შვილების საჭიროებების შესაბამისად გააერთიანებს ფსიქოლოგიურ, სამართლებრივ, სოციალურ და ეკონომიკურ დახმარებას.

ანგარიშის მთავარი გზავნილია, რომ ქალთა უსაფრთხოებისთვის აუცილებელია დროული რეაგირება და ისეთი მხარდაჭერა, რომელიც კრიზისული ჩარევის შემდეგაც გრძელდება და ქალს დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer Entwicklungsdienst-ის მხარდაჭერით (გერმანია)